„სარაჯიშვილის” მეტროსადგურზე გუშინ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ემსხვერპლა, მედიაში არასწორი ცნობების გავრცელება და გაურკვევლობა მოჰყვა. ამბავთან ერთად, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა, გავრცელდა ფოტო, რომელზეც, ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო ასახული.
რეალურად, როგორც ირკვევა, სახელი და გვარი კი ემთხვევა, თუმცა გარდაცვლილია სულ სხვა პიროვნება, ასევე გიორგი ბადალაშვილი, რომელიც 20 წლის იყო, ხოლო გავრცელებულ ფოტოზე 16 წლის გიორგი ბადალაშვილია ასახული.
მოგვიანებით, სოციალურ ქსელში 16 წლის ახალგაზრდამ თავად გაავრცელა ტელეეკრანთან გადაღებული საკუთარი ფოტო სათაურით, იმის ნიშნად, რომ ნამდვილად ცოცხალია. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა სახელწოდებით – “როდესაც ტელევიზიით იგებ, რომ მოკვდი”.
„პრაიმტაიმი” 16 წლის გიორგი ბადალაშვილის დედას ესაუბრა, რომელიც ყვება, რომ არასწორი ინფორმაცია ოჯახისთვის და ახლობლებისთვის უმძიმესი იყო და ამის გამო სასამართლოს მიმართავენ.
„ტელევიზიით ვნახე, რომ ახალგაზრდა ბიჭმა თავი მოიკლა. ამ დროს, ჩემი შვილის ფოტო აჩვენეს და თქვეს, რომ გარდაცვლილი გიორგი ბადალაშვილი იყო. ჩემი შვილი 16 წლის არის. ის სავარჯიშოდ იყო წასული და ტელეფონი სახლში ჰქონდა დატოვებული. დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ვიდრე სახლში დაბრუნდებოდა, მის შესახებ არაფერი ვიცოდით და ერთადერთი შვილი ცოცხლად ვიგლოვეთ. ჩემს მეუღლეს დიაბეტი აქვს და ლამის ხელებში ჩამაკვდა. ამას არავის ვაპატიებ. ახლაც კი სამძიმრის წერილებს და ზარებს ვიღებ. მთელი ოჯახი სანათესაო და სამეზობლო გავნადგურდით. ერთადერთი შვილი მყავს, წარმოიდგინეთ, გაჩვენებენ ფოტოს და გეუბნებიან, რომ გარდაიცვალა. ათასი რამ ვიფიქრე, გარდატეხის ასაკშია”,- აცხადებს „პრაიმტაიმთან” 16 წლის გიორგი ბადალაშვილის დედა – ინგა ლონდარიძე.
შემთხვევა „სარაჯიშვილის მეტროსადგურზე გუშინ მოხდა.
წყარო: primetime.ge
