კათოლიკოს-პატრიარქი დღეს ამბროლაურს ესტუმრა, – ამის შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო იტყობინება.
მათი ინფორმაციით, 6 აგვისტოს, 09:00 საათზე, დაგეგმილია ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ახლად აშენებული ეკლესიის კურთხევა, სადაც საზეიმო პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის.
იმავე დღეს, 18:00 საათზე, ნიკორწმინდის ისტორიული მნიშვნელობის ამსახველი ფოტო გამოფენა გაიმართება და ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ცნობით, საზეიმო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, 7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს, 14:00 საათზე ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, 18:00 საათზე რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, 19:00 საათზე კი საზეიმო ღონისძიებები გალა კონცერტით ქალაქ ამბროლაურში დასრულდება.
მათივე ინფორმაციით, გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები: ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი გაგნიძე, ბადრი მაისურაძე, რამაზ ჩიკვილაძე, თეონა დვალი, ანზორ ხიდაშელი, მარიამ როინიშვილი, ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სადირიჟორო პულტთან – ნიკოლოზ რაჭველი.
კონცერტზე შესრულდება საოპერო არიები, აგრეთვე, ქართველ ლეგენდარულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. საღამოს გაუძღვებიან მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი.
გალა-კონცერტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოს, ნიკორწმინდის ეპარქიის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.