სამი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით, რომელზეც ბათუმის ღამის კლუბში გაცემული 500-ლარიანია ჩეკია ასახული, მითქმა-მოთქმა კვლავ არ წყდება.
არაბი ბიზნესმენი აბდულ აზიზი Palitratv.ge-სთვის მიცემული ინტერვიუში აცხადებს, რომ მან კლუბში მხოლოდ ერთი ჩაი შეუკვეთა, რაშიც ჯერ 700 ლარის გადახდა მოსთხოვეს, შემდეგ კი 500 ლარი ძალდატანებით გადაახდევინეს.
კლუბის თურქი მენეჯერი და სტრიპტიზის მოცეკვავე ყვებიან, რომ მომხმარებელმა მათთან სრული სერვისით ისარგებლა და მხოლოდ ერთი ჩაისთვის 500 ლარის გადახდა არავის მოუთხოვია. დისკო კლუბ “დუბაის” მენეჯერი ჯენგიზ აკგუნი აცხადებს, რომ არაბი მამაკაცი სტრიპტიზის მოცეკვავესთან ერთად ატარებდა საღამოს.
ფონდ “ქართუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“500 ლარიანი ჩაის ისტორიის მცირე დეტალი:
ბათუმის აეროპორტის გზაზე არსებული დაწესებულება ცნობილია როგორც უძველესი პროფესიის “პიკანტური კოლეჯი”.
როგორც არ უნდა იყოს, ჩაი 500 ლარად ნამეტანია…. თუმცა, კაცმა არ იცის რა დატვირთვა აქვს იმ “დაწესებულებაში” სიტყვას “ჩაი”…
ისე, ნამეტან ბარდელიზაციაში ხომ არ შევედით?“, – წერს გიორგი უძილაური.