ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ეხმაურება.
მისი თქმით, დაფინანსებულმა ჯგუფებმა ჩაშალეს ჰესის მშენებლობა, ახლა უტევენ „იგლ ჰილსის“ პროექტს.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფების მთავარი მიზანი არის სახელმწიფოს ჩამოშლა.
„ინვესტიციების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადარჩება. მით უმეტეს ამ ურთულეს სიტუაციაში, რომელიც მსოფლიოში ყალიბდება და ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. „ნამახვან ჰესზე“ შეტევაც დაახლოებით იგივე სტრატეგიით და იგივე სცენარით მიმდინარეობს, როგორც დღეს უნდათ, რომ განავითარონ შეტევა „იგლ ჰილსის“ მოსალოდნელ ინვესტიციაზე. ეს არ არის მხოლოდ მატერიალური სარგებელი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს, ეს არის უამრავი დასაქმებული ადამიანი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე საკადრო რესურსის შექმნის წინაპირობა საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განმარტა, რომ ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.
