საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამაზონის ტყის ხანძრები საერთაშორისო დონის კრიზისს წარმოადგენს, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სამიტის დღის წესრიგში მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„ჩვენი სახლი იწვის. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზონის ტყე დედამიწის ჟანგბადის 20%-ს აწარმოებს და ის ახლა იწვის. ეს საერთაშორისო დონის კრიზისია. მოვუწოდებ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებს, პირველ რიგში ეს საგანგებო სიტუაცია განვიხილოთ“, – წერს მაკრონი Twitter-ზე.
მას გამოეხმაურა ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელმაც მაკრონი საკითხით პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირებაში დაადანაშაულა.
„ამაზონის ხანძრის საკითხის განხილვა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, სადაც ჩვენი რეგიონის ქვეყნები არაა წარმოდგენილი, ძალიან ჰგავს კოლონიალურ მიდგომას, რომელიც 21-ე საუკუნეში უბრალოდ უადგილოა“, – განაცხადა ბოლსონარუმ.