სევეროდვინსკთან აფეთქების შედეგად დაშავებულების მკურნალობა ყველანაირი წესის დარღვევით მიმდინარეობა. ამის შესახებ BBC-ის ჟურნალისტებს იმ ექიმებმა განუცხადეს, რომლებმაც დაშავებულებს დახმარება გაუწიეს.
მათი საუბრიდან ირკვევა, რომ 8 აგვისტოს, აფეთქების შემდეგ კლინიკაში 3 დაშავებული გადაიყვანეს. ამასთან სამხედროებმა ექიმებს რადიაციული ფონის შესახებ არაფერი უთხრეს. შედეგად მათთან დაუცველი კონტაქტი 90 ადამიანს ჰქონდა, რისკის ზონაში მყოფთა რიცხვი კი შესაძლოა უფრო დიდი იყოს, რადგან მიმღები განყოფილება პაციენტების მიყვანიდან მხოლოდ ნახევარ საათში დაიკეტა, როცა ექიმები თავად მიხვდნენ, რომ დაშავებულებს რადიაციის დიდი დოზა აქვთ მიღებული.
თავის მხრივ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტებთან მომუშავე ექიმების ორგანიზმში რადიაციის ფონი მომატებული არ არის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ ვიღაც საინფორმაციო ფონის განზრახ დაძაბვას ცდილობს.
8 აგვისტოს სევეროდვინსკთან სამხედრო პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.