ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხუთდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებისა და პილოტების დახმარებით, ცეცხლის კერების ჩაქრობა შეძლეს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო თავდაცვის სამინისტროს სპეციალიზებული მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე შიდა კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის თბილისიდან, მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძრის ლოკალიზება მალევე მოხერხდა, საჰაერო ტექნიკამ საერთო ჯამში 191 გაფრენა განახორციელა და ცეცხლის ღია კერებს 382 ტონა წყალი დაასხა.
ბოლო ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარზე არსებული ტყის მასივი. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მონიტორინგის მიზნით ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი დარჩება.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
2019/08/28 12:38:39

კომენტარები
ნანახია: 527 ჯერ