ვრჩები ნაკრებში და ვითამაშებ რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მამუკა გორგოძემ განუცხადა.
მან განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ აღნიშნულ თემაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს. მისივე თქმით, ვინაიდან ამ თემაზე მის კლუბთან საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება, დამატებით კომენტარს ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მამუკა გორგოძეს პირადად სთხოვა, ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიეღო.
„მრავალრიცხოვან გულშემატკივართა თხოვნა იყო, რომ მამუკა გორგოძეს მიეღო მონაწილეობა რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამას დაემატა სამწუხარო ფაქტი, რომ ნაკრების რამდენიმე წამყვანი მოთამაშე მძიმედ დაშავდა. მამუკას ვესაუბრე ამ საკითხებზე ორი დღის წინ, სადაც მან თანხმობა მითხრა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე. დიდი მადლობა ლეგენდარულ კაპიტანს ამ გადაწყვეტილებისთვის!“ – აღნიშნულია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.