პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადებიან, თუმცა იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა.
ის ევროპაში ნატოს ძალების სარდლის, ალექსუს გრინკევიჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2027 წლისთვის რუსეთმა შესაძლოა თავისი სამხედრო პოტენციალი აღადგინოს და ევროპასთან კონფლიქტისთვის მზად იყოს.
„ჩვენ ომისთვის ვემზადებით იმის იმედით, რომ ეს არასოდეს მოხდება. სცენარებს უკვე რეალურ და არარეალურად კი არა, მხოლოდ სავარაუდო და ნაკლებად სავარაუდო სცენარებად ვყოფთ. დღეს მე საბოლოო ვადას აღარ დავასახელებდი. კრემლის მხრიდან რაიმე მასშტაბური პროვოკაციაც კი სრულიად შესაძლებელია რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდეს“, – აღნიშნა ტომჩიკმა.
როგორც მან განმარტა, ბევრი რამ არის დამოკიდებული უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე. „თუ ეს ომი დასრულდება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მაშინ სრულიად სავარაუდოა, რომ რუსეთი დაიწყებს თავისი პოტენციალის აღდგენას შემდეგი შეიარაღებული კონფლიქტისთვის“, – აღნიშნა მან.
