გამოცემა TMZ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელი სენატორისა და პრეზიდენტობის კანდიდატის რობერტ კენედის მკვლელი სირჰან სირჰანი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, კალიფორნიის ციხეში დანით დაჭრეს.
დაშავებული ციხის გარეთ მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოცემის ცნობით, 75 წლის სირჰანს ჭრილობები ციხის ეზოში მიაყენეს.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ფრენსის „ბობი“ კენედი დაიბადა 1925 წლის 20 ნოემბერს. ის 1968 წლის 5 ივნისს მოკლეს. ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე და დემოკრატი სენატორი სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და შემდგომ ვირჯინიის სამართლის უნივერსიტეტში. მუშაობდა იუსტიციის დეპარტამენტში და მსახურობდა სენატის რამდენიმე კომისიაში. ის ჯონ კენედის მთავრობაში 1961 წელს აშშ-ის იუსტიციის მინისტრი გახდა.
რობერტ კენედი გადადგა 1964 წელს, მისი ძმის მკვლელობის შემდეგ, ამავე წელს იგი ნიუ-იორკიდან აშშ-ის სენატის წევრად აირჩიეს. 1964 წელს მან ააგო თავისი საარჩევნო კამპანია ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ. 1968 წელს კენჭს იყრიდა პრეზიდენტად დემოკრატიული პარტიიდან, მაგრამ კალიფორნიის პრაიმერის მოგების შემდეგ, 5 ივნისს, იგი მოკლა არაბმა ემიგრანტმა სირჰან სირჰანმა. მისი ცოლი, ეთელი, დარჩა 11 შვილით, მათგან მეთერთმეტე დაიბადა რობერტის მკვლელობის შემდეგ.