ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობა კანონმდებლობით რეგულირდება, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში პაციენტის სურვილისა და თანხმობის, ან მისი ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე იძულებითი მკურნალობა არ ინიშნება. მხოლოდ მაშინ, თუ პაციენტს თავისი მდგომარეობის სიმძიმე არ ესმის, ან ვერ აცნობიერებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტს იძულებითი მკურნალობა ენიშნება.
ასევე, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს არ შეუძლია მკურნალობის სურვილის გამოხატვა, ან არ ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებიც ამას განახორციელებენ, სხვას, გარეშე პირს შეუძლია სასწრაფოს მიმართოს და სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში პაციენტს იძულებითი მკურნალობა დაენიშნება.
„6 თვე მაქსიმალური პერიოდია, რა დროსაც პაციენტს იძულებით მკურნალობა უტარდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ასევე, მისი განმარტებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული და მობილური მკურნალობის საშუალებები არსებობს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სამედიცინო კადრების ნაკლებობა შესამჩნევია და ამ მხრივ სიტუაციის გამოსწორებაზე მუშაობენ.