ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ იმ ლანძღვა-გინებით, რასაც საზოგადოება სოციალურ ქსელში იჩენს, ქვეყანა ვერ განვითარდება.
„რა გჭირთ, ადამიანებო, ასეთი ზიზღით რამ აგავსოთ ერთმანეთის მიმართ?! ამდენი გინება, წყევლა, ლანძღვა, რასაც სხვადასხვა პოსტების კომენტარებში ვკითხულობ, მთელ მსოფლიოს ეყოფა.
რა უბედურებაა?!
თან ტრადიციულობაზე იფხრიწავთ იოგებს, თან ერთმანეთს გაჭრილი ტექსტით დედებს და ოჯახს აგინებთ. წყევლა-კრულვაზე აღარაფერს ვამბობ.
ერთმა მეგობარმა დაწერა ამას წინათ, მიკვირს, რომ უარესად არ ვართო. ვეთანხმები.
კლავიატურებს აჩხაკუნებთ. გგონიათ, რაღამც სივრცე ვირტუალურია, გინებაც აბსტრაქტულია.
რა დონის ნაძირალა უნდა იყო, სულით, ტვინით, აღზრდით დამახინჯებული, რომ გინებები წერო ნებისმიერი თანამოქალაქის მისამართით, იმის მიუხედავად, მოგწონს ის პოლიტიკურად თუ არა?!
აკრიტიკე სუფთა ენით. თუ დედის გინებას ნაკლები ინტელექტი სჭირდება?!
ამ ყველაფერს ხელს უწყობთ პოლიტიკოსები, არ ებრძვის და აქეზებს მედია, ენას არ იღებს საზოგადოების ცნობადი სახეები…
საითკენ მიაქანებთ ქვეყანას?!
რამდენჯერ დავწერე, ზიზღით, სიძულვილით გაჟღენთილი და ნეგატივზე შემჯდარი საზოგადოება ვერ განვითარდება. ასეთი პრეცედენტი არ არსებობს.
ქვეყანას, სადაც გინება გამოხატვის თავისუფლებაა, პრეტენზია მხოლოდ ველურობაზე უნდა ჰქონდეს. გინებას, სიძულვილს, ზიზღს არაფერია აქვს საერთო ცივილიზაციასთან.
პოლიტიკოსების ან პოლიტიკური პარტიების გამო ერთმანეთს რომ ხოცავთ, ლანძღავთ, აგინებთ, ინტელექტუალობაზე პრეტენზია არ უნდა გქონდეთ.
არჩევნებია ერთ წელში და იქ გამოხატეთ, კალმის მეშვეობით, ემოციები.
გინება უნდა გაუტოლდეს მკვლელობიც მცდელობას და სათანადოდ დაისაჯოს, ციხით, მსუბუქი გინება და წყევლა – გაროზგვით.
ჩემს ველზე დიდი ხანია გინება აკრძალულია.
თუმცა დღეიდან დავიწყე იმ ხალხის დაბლოკვა, რომელთა გინების შემცველ კომენტარებს წავიკითხავ სხვის ველზე. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის წარმომადგენელს უგინებთ დედას, ოჯახს…
რა უნდა მქონდეს თქვენთან საერთო? ნებისმიერთან ვარ მზად მეგობრობისთვის, მსჯელობისთვის, კამათისთვის, ვისაც ზრდილობა და აღზრდა აქვს.
საზოგადოების ასეთ პოლარიზებაში პასუხისმგებლობას გაკისრებთ ყველას, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, ვინც არაფერს აკეთებთ პოლარიზაციის შესამცირებლად.
P.S. ბევრი მეზობელი ქვეყნის სოცქსელებს ვადევნებ თვალს. გინებაში გავასწარით ყველას“, – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.