მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე სახლებს სახურავები ახადა და წყალდიდობა გამოიწვია, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სიცოცხლისთვის საშიში ქარიშხლის სიჩქარემ საათში 285 კილომეტრსაც კი მიაღწია. მთავრობამ 14 თავშესაფარი გახსნა და გარდა ამისა, ათობით ეკლესია, სკოლა და სხვა სამთავრობო შენობა საგანგებო თავშესაფრის ადგილებად გამოაცხადა.
„დორიანი“ დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება. ფლორიდის, ჯორჯიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ბაჰამის კუნძულების მოსახლეობამ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული სახლების ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ბაჰამის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო საკითხების დირექტორმა გამოცემა “ნიუ -იორკ თაიმსს” განუცხადა, რომ უარავი ადამიანი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი.
“ადამიანები ხმოვან შეტყობინებებს აგზავნიან, ტირიან,” – განაცხადა ლოუბი ჯორჯისმა.