გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ჰამბურგში დააკავეს გერმანელი რეპერის დენის კუსპერტის ქვრივი, რომელიც წარმოშობით ტუნისიდან არის. მისი ქმარი, რომელიც სცენაზე DesoDogg-ის ფსევდონიმით გამოდიოდა, 2014 წელს ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა, 2018 წელს კი სირიის ქალაქ კობანიში დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ომაიმა ა.-ც “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის ბრალდებით არის დაკავებული. მას გერმანიისა და ტუნისის მოქალაქეობა აქვს. როგორც DW წერს, ქალი მას შემდეგ დააკავეს, რაც რამდენიმე თვის წინ სირიაში მისი მობილური ტელეფონი იპოვეს.
უცნობია დაკარგა თუ არა ომაიმა ა-მ ტელეფონი, თუ იმ მოტივით დატოვა სირიაში რომ ახალი ცხოვრება დაეწყო გერმანიაში. თუმცა ცნობილია ის, რომ მობილური ტელეფონი 36 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას შეიცავს, რომელიც “ისლამურ სახელმწიფოსთან” ქალის თანამშრომლობასაც მოიცავს.