რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო დანადგარის შეძენის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
როგორც ერდოღანმა აღნიშნა, დონალდ ტრამპთან მისი პირადი კავშირი ანკარასა და ვაშინგტონს შორის წარმოქმნილი კრიზისის მოგვარებას შეძლებს, რომელიც რუსეთისგან „ეს-400“-ის სისტემის შეძენამ გამოიწვია.
ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასსა და დონალდ ტრამპს შორის ორი კვირის წინ სატელეფონო საუბარი შედგა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრის დროს ლიდერები ამ საკითხს კიდევ განიხილავენ.
2019 წლის ივლისში თურქეთმა რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის რაკეტები შეიძინა. ანკარის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ თურქეთს „პატრიოტს“ აღარ მიჰყიდიდნენ.