ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია საშუალებები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება კი დაახლოებით 6 მილიონ ამომრჩეველს აქვს.
საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი მეტოქე ისრაელის გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენი განცია, ვინაიდან მისი ცენტრისტული პარტია „ლურჯი და თეთრი“, გამოკითხვის შედგების თანახმად, მმართველი პარტიის- „ლიკუდის“ – რეიტინგს უახლოვდება.
ეს ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ქვეყანაში მეორე საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომლის დანიშვნაც მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მმართველმა პარტიამ და მისმა მთავარმა კონკურენტმა პარტიამ – „ლურჯი და თეთრი“ – აპრილის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ისრაელის 120 წევრიან პარლამენტში მხოლოდ 35-35 ადგილის მოპოვება შეძლეს, ნეთანიაჰუმ კი საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციის შექმნა ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად 120-ადგილიან ქნესეთში 61 მანდატის მოპოვებაა საჭირო.