საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სოციალურ სივრცეში არა ერთმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა თავიანთი საქმიანობის რეკლამირებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, სარაგბო სიმბოლიკის უკანონოდ გამოყენება დაიწყო.
რაგბის კავშირი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მიმართავს, არ დაუშვან საქართველოს რაგბის კავშირის დაცული სასაქონლო ნიშნების უნებართვო გამოყენება.
„საქართველოს რაგბის კავშირი წარმოადგენს ქართული რაგბის სიმბოლოთა და ატრიბუტიკის მსოფლიოში ერთადერთ კანონიერ მფლობელს.
ეს სიმბოლოები, ნიშანთა სისტემა და სიტყვათა წყობა საქართველოს რაგბის კავშირის სახელზეა რეგისტრირებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში.
შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირს აქვს უფლება ნებისმიერი ფორმით გამოიყენოს ეს ნიშნები და მხოლოდ შეთანხმების საფუძველზე მიანიჭოს მესამე პირებს მათი გამოყენების უფლება და დაუდგინოს აღნიშნულის გამოყენების ფარგლები.
მივმართავთ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, არ დაუშვან საქართველოს რაგბის კავშირის დაცული სასაქონლო ნიშნების უნებართვო გამოყენება.
აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დამრღვევის კანონისმიერ პასუხისმგებლობას.
შესაბამისად, გარდა მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების, საქართველოს რაგბის კავშირი აქცევს საჯაროს ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის ვინაობას, რომლებიც დაარღვევენ აღნიშნულ მოთხოვნას, რითაც მათ შეექმნებათ რეპუტაციული დისკომფორტი.
სასიხარულოა, რომ რაგბი პოპულარულია ბიზნეს წრეებში, ჩვენც მზად ვართ, დავეხმაროთ მათ თავიანთი საქმიანობის რეკლამირებასა და წარმატებაში. ამისათვის, საკმარისია, მხოლოდ შეთანხმება საქართველოს რაგბის კავშირთან, რაც ძალიან მარტივი პროცედურაა“, -ნათქვამია განცხადებაში.