იუსტიციის მინისტრი, ვიცეპრემიერი თეა წულუკიანი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გაბედულ გადაწყვეტილებად აფასებს, რადგან წულუკიანის შეფასებით, შეხვედრა სახელმწიფო ინტერესებისთვის იყო საჭირო.
ამის შესახებ წულუკიანმა გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, ოპონენტები ლავროვის განცხადების გამოყენებას ცდილობენ, როდესაც რუსმა დიპლომატმა თქვა, რომ შეხვედრა ქართულმა მხარემ მოითხოვა.
მინისტრის შეფასებით, ოპონენტებმა მინიმიზაცია მოახდინეს იმ საკითხის, რომ თითქოს სულაც არ არის მნიშვნელოვანი ავიარეისების აღდგენა. თეა წულუკიანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ურთიერთობების სტაბილიზება.
„ძალიან მაგრები ვყოფილვართ, თუ ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა და მობრძანდა ლავროვი და დაგვიჯდა, ყოჩაღ ზალკალიანს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა
ნიუ-იორკში, რუსეთის და საქართველოს პირველი დიპლომატები ერთმანეთს 26 სექტემბერს შეხვდნენ.
ზალკალიანის თქმით, ლავროვს პირდაპირ უთხრა, რომ დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.
მინისტრის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრის ინიციატივა ეკუთვნოდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც ის 25 სექტემბერს შეხვდა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისი მხრიდან მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა, დათანხმებოდა ამ შემოთავაზებას, თუმცა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართულ ყველა ძირითად აქტორთან კონსულტაციის შემდეგ ეს აუდიენცია შედგა.