“გირჩის” წევრები შსს-ში დაიბარეს – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.
„ნახევარი გირჩი პოლიციაშია დაბარებული დღეს, ერთი წლის წინანდელი კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო, აი რა პრიმიტივები ხართ? მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ? ” – წერს ჯაფარიძე.
როგორც პარტიის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, იმ პირებს შორის, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ, არიან იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და “გირჩის” სხვა ლიდერებიც.
უწყებაში ამბობენ, რომ “გირჩის” წევრები უწყებაში საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს.
თავად ჯაფარიძე შსს-ში დაბარებას “გირჩის” ბოლო აქტივობას უკავშირებს ტაქსების ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც გუშინ თეთრის გარდა სხვა ფერის მანქანით მძღოლებს მგზავრების გადაყვანა აეკრძალათ, ჯაფარიძე საკუთარი მუქი ნაცრისფერი მანქანითა და ტაქსის ტრაფარეტით მოძრაობდა ქუჩაში, რის გამოც 200 ლარით დააჯარიმეს კიდეც.
ცნობისთვის, “გირჩის” მიერ ორგანიზებული “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე” შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯამში, 11 ადამიანი დააკავა. მათ შორის, თავად ზურა ჯაფარიძეც.
უწყებაში განმარტავდნენ, რომ ამის მიზეზი ფესტივალის ორგანიზება და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა იყო.
ფესტივალთან დაკავშრებით გამოძიება სსკ-ს 273-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც მარიხუანის უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს.
