მსახიობი, ფილმის “შინდისი” პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი კომპოზიტორ გია ყანჩელთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს:
შეგახსენებთ, რომ „ოსკარზე“ საქართველოდან მხატვრული ფილმი, „შინდისი“ გაიგზავნება და მონაწილეობას მიიღებს კონკურსში – საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.
“როდესაც ბატონ გია ყანჩელს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “შინდისის გმირების” მუსიკალურად გაფორმება ვთხოვე, მიპასუხა: – მაჩვენე ფილმის შავი მონტაჟი, თუ ჩემი თავი დავინახე, აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავებ და თუ ვერ დავინახე საკუთარი თავი, მილიონი რომ გადამიხადო, ვერ გავაკეთებო!
მეორე დღესვე დავუტოვე ფილმი. იმავე ღამეს, გვიან მირეკავს. მცირე პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთ წინადადებას მეუბნება: – ხვალ დილით, 11 საათზე გელოდები, ჩემთან სახლში.
მეორე დღესვე დავიწყეთ მუშაობა. სრულეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, “შინდისის გმირების” პირველ ნაწილს, ლეგენდარული გია ყანჩელის მუსიკა ამდიდრებს!
მაესტრო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მშვიდად განისვენეთ”, – წერს ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.
კომპოზიტორი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში იყო გადაყვანილი.
გია ყანჩელმა 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
გია ყანჩელი ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“).
მის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა „და არს მუსიკა“ (1983), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963); „სევდა ნათელი“ – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ (შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დადგმები); მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვ.
