რობერტ დე ნიროს ყოფილმა ასისტენტმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გრეჰემ ჩეიზი რობინსონი მსახიობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და მორალური კომპენსაციის სახით მისგან 12 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.
Variety-ის ცნობით, მოსარჩელე აცხადებს, რომ დე ნირო მას ისე ეპყრობოდა, როგორც „საოფისე ცოლს“ და მის მიმართ სექსისტური შინაარსის გამონათქვამებს ხშირად იყენებდა. გარდა ამისა, რობინსონი ირწმუნება, რომ დე ნიროს კომპანიაში მას მამაკაც თანამშრომლებზე ნაკლებ ხელფასს უხდიდნენ.
„დე ნირო მოძველებული შეხედულებების ადამიანია. მისთვის მიუღებელია კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები ჰქონდეთ. ის არ თვლის, რომ სამსახურში სქესობრივი დისკრიმინაციით კანონი ირღვევა“, -აცხადებს მოსარჩელე. დე ნიროს კომპანიაში ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.
აგვისტოში რობინსონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი დე ნიროს კომპანიამ შეიტანა. ყოფილ ასისტენტს კომპანიის სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ და მისგან 6 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვენ. კომპანიაში ასევე ირწმუნებიან, რომ რობინსონი სამუშაო ადგილზე სერიალების ყურებით იყო დაკავებული. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქალმა 4 დღეში ტელესერიალ „მეგობრების“ 55 ეპიზოდს უყურა.