პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ძალზე საინტერესო თემაა მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, რადგან დღეს სისტემატიურად გვესმის – წინა რეჟიმის პირობებში მოსამართლეები კი არ იყვნენ უპრინციპოები და ხელისუფლების მორჩილი მსახურები, არამედ ისინი “რეჟიმის მსხვერპლნი” იყვნენ.
„მინდა ამის მთქმელს მოკრძალებით შევახსენო, ნუთუ ჰიტლერის მოსამართლეებზე მეტად იყვნენ ისინი რეჟიმის მსხვერპლნი? თავის დროზე ჰიტლერის მოსამართლეებმა ხომ გაამართლეს რეიხსტაგის დაწვაში ეჭვმიტანილი კომუნისტი დიმიტროვი, მიუხედავად ამისა, რომ თავად ფიურერი და გებელსი პროცესამდე და პროცესის მსვლელობის დროსაც პირზე დუჟმორეულნი ამტკიცებდნენ, რეიხსტაგი სწორედ დიმიტროვმა დაწვაო, მაგრამ მოსამართლემ დიმიტროვი გაამართლა და თვით ჰიტლერმაც ვერ გაბედა მისთვის ხელის ხლება, სოციალისტური ბულგარეთის მომავალმა კომუნისტმა ლიდერმა კი მშვიდად გადაიტანა ომის საშინელებები მოსკოვის მახლობელ სამთავრობო აგარაკზე”, – აცხადებს რესპონდენტი გაზეთ „რეზონანსთან“ საუბარში.