გლდანში ორი დღის წინ დაჭრილი არასრულწლოვანი მძიმე მდგომარეობაშია. 15 წლის გიორგი ფალელაშვილი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გამვლელმა დაჭრა.
სამართალდამცველებმა სერგო ოსმინკინი ადგილზევე დააკავეს.
დაჭრილი გიორგი ფალელაშვილი გლდანის 173-ე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.
სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლები კურიერთან მომხდარის დეტალებს იხსენებენ, თუ რა ვითარებაში მიაყენა უცნობმა მამაკაცმა მოზარდს ჭრილობები. მათი თქმით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“ჩხუბი მოხდა გარეთ. გოგოები ცდილობდნენ, რომ გაეშველებინათ, მერე ერთ-ერთი შემოვარდაო და გაიქცა პირდაპირ “კრანისკენ“. ეტყობა იცოდნენ, რომ იქ დანა, ჩანგალი, კოვზია და პირდაპირ გაიქცა იქით, რომ აუღია დანა და რომ გამოქცეულა, დაუძახიათ ამ გოგოებს, დანით არის და გაიქეცითო“ – ამბობს სავაჭრო ობიექტის წარმომადგენელი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაჭრილი მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი ახლობლების ინფორმაციით, ბიჭი უმძიმეს მდგომარეობაშია და სჭირდება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. თუ ვინმეს გაქვთ დახმარების სურვილი ქავთარაძის სისხლის ბანკში შეგიძლიათ სისხლი ჩააბაროთ, 15 წლის გიორგი ფალელაშვილის სახელზე.
