სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ 120 საათით შეჩერების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უპასუხა.
„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადარჩება, როდესაც ჩვენ დავამარცხებთ ტერორიზმს, რომელიც კაცობრიობის დაუძინებელი მტერია. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა დაისადგურებს“, – წერს ერდოღანი Twitter-ზე.
მანამდე ტრამპმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ სამხედრო ოპერაციის 120 საათით შეჩერების გადაწყვეტილებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდება.
9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ტრამპი ერდოღანს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სირიაში სამხედრო ოპერაციისგან. “ნუ იქნები ხისტი. ნუ ჩაიდენ სისულელეს“, – მიმართავს ტრამპი ერდოღანს.
თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. გაეროს ინფორმაციით, საკუთარი სახლების დატოვება, სულ მცირე 160 000 ადამიანს მოუწია. თურქეთში შეიარაღების ექსპორტი გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდეს, ვაშინგტონმა კი ანკარას სანქციები დაუწესა.