„თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი უარყოფს საფინანასო ინსტიტუტის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც „პროგრესბანკში“ ფულის გათეთრებას ეხება.
ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ არ არსებობს საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა, რომელიც „პროგრესბანკში“ ფულის გათეთრებას დაადასტურებს, ან ამ მიმართულებით ეჭვს გააჩენს.
ბუცხრიკიძისთვის უცნობია, რის საფუძველზე აკეთებს განცხადებას მამუკა ხაზარაძე.
დღესვე განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა, რომლის მიხედვითაც მედიაში დღეს გავრცელებული აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ წერილი ეხება „თიბისი ბანკის“ მიერ „პროგრეს ბანკის“ აქტივებისა და ვალდებულებების შეძენასთან დაკავშირებული გარიგების მომენტში ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხს. სები აღნიშნავს, რომ წერილს არანაირი კავშირი აქვს „პროგრეს ბანკის“ გადარიცხვებთან დაკავშირებულ რაიმე დასკვნასთან.
23 ოქტომბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ „პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით აღარ არსებობს, ამიტომ მისი შემოწმება შეუძლებელია. ასე გვენეტაძემ „თიბისი ბანკისა“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს უპასუხა, რომელმაც გვენეტაძეს „პროგრეს ბანკის“ ტრანზაქციებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„მთავარ არხმა“ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რომლის თანახმად, „პროგრეს ბანკში“ აუდიტორული შემოწმება უცხოელმა ექსპერტებმა 2016 წელს ჩაატარეს. შემოწმების დროს სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბანკის ათობით გადარიცხვა ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წლის 18 ოქტომბერს გაუუქმა.
