ანიტა რაჭველიშვილის მეგობარი, ხელოვანთა გაერთიანება „კონცეტ არტის“ და „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე „ფეისბუქით“ არქიმანდრიტ ბართლომეს მიერ რაჭველიშვილის მისამართით ნათქვამ ფრაზას – „ანიტას ყელის კიბო უშველის“ – ეხმიანება.

„არ მინდა ტირაჟირება გავუკეთო სამარცხვინო და სწორედაც, რომ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებას. ქრისტეს სახელით მოსაუბრეებმა ყველაზე უკეთ უნდა იცოდნენ, რომ წყევლა მაწყევარსვე უბრუნდება. იერარქიულად ეს მამაო ვის ექვემდებარება? იქნებ გაგვაგონონ თავიანთი პოზიცია სხვა საულიერო პირებმა. ანიტას ყელს და ხმას კი საუკუნო სინათლე და დიდება“ – წერს თეონა სოციალურ ქსელში.
არქიმანდრიტის მიერ წარმოთქმული ეს ფრაზა ოპერის მომღერლის პოსტს მოჰყვა, რომელიც ანიტამ ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერა.
„ვაი, შე საცოდაო, მართლა. ხალხი შიმშილით ამოხოცა შენმა მამიკომ და გაქურდა საქართველო და შენ ამაზონის ტყე არსად გაგექცეს! ნაძირალა კრეტინი“, – დაწერა ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის ინიციატივაზე, რომელიც ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს.
