არ შეიძლება, ცული მოიქნიო და ქვეყანაში სიყვარული აკრძალო მაშინ, როცა სხვა მიმართულებით ტოლერანტული ვართ, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, პროფესორმა, ლალი მოროშკინამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„აქ, ქალბატონებს რომ ვუსმენ, ასე მგონია, „რომეო და ჯულიეტა“ და საერთოდ, შექსპირი კლასიკიდან უნდა ამოვიღოთ, სკოლებში ავკრძალოთ, მათრახი დავიჭიროთ, ყველას ვურტყათ პირველი კოცნის გამო, სიყვარული გადავჭრათ და საერთოდ, ყველაფერზე უარი ვთქვათ. იმით, რომ პედაგოგებს, პოლიციელებს დავავალოთ, შესაბამის ქმედებებს მიმართონ, თუ კუთხეში ვიღაცამ ვიღაცას აკოცა, სასწრაფოდ, 140-ე მუხლი გამოვიყენოთ და ა.შ. ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. ჩვენ სამხრეთის ქვეყანა ვართ. ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლა აქ გაცილებით რბილად, ლამაზად, დიპლომატიურად შეიძლება“, – განაცხადა მოროშკინამ.
ამ განცხადებით ლალი მოროშკინამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გაკეთდეს ნაადრევი ქორწინებების სტატისტიკის შესამცირებლად, რადგან ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში, გოგონებს განათლების მიღების, თვითრეალიზაციის და სხვა მრავალი საშუალება ერთმევათ.
შეკითხვაზე, როგორი უნდა იყოს რეაგირება იმ შემთხვევაში, როცა ადრეული ქორწინების ინიციატორები მშობლები არიან და გოგონას არასრულწლოვან ასაკში გათხოვება იძულებით ხდება, ლალი მოროშკინამა განაცხადა, რომ ამისთვის მშობლებთან არის სამუშაო და ბავშვები არ უნდა დაისაჯონ.
