ადვოკატი ვლადიმერ ტაბაღუა, რომელიც 40 წლის მანძილზე პენიტენციარულ სისტემაში მუშაობდა, სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელ განცხადებას ავრცელებს. ის პროკურორ სალომე ადეიშვილის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც უწყება ხმაურით დატოვა.
ყოფილი ციხის უფროსი და ახლა უკვე უფლებადამცველი, პროკურატურაში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემებზე საუბრობს. ამბობს, რომ ამის გამო, შესაძლოა თავდასხმის ობიექტიც გახდეს.
„პროკურორი სალომე ადეიშვილის განცხადება, რომ პროკურატურის ორგანოებში კოჰაბიტაციის შედეგად მუშაობენ მაღალი მოქალაქეობრივი მოვალეობიდან დაცლილი, უზნეო და ტვინით დაჭაობებული ადამიანები, რომლებიც ხალხსაც ამწარებენ და ქვეყანას ჩირქს სცხებენ, რაც ცალსახად შემიძლია დავადასტურო პირადი და პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე. ამ სისაძაგლისა და უმსგავსოების შესახებ, ჩემს მიერ არაერთგზის ინფორმირებულია ხელისუფლება და მთავრობა, მთავარი პროკურორი, თუმცა ამაოდ…
ავის მქმნელი პროკურორების მომკითხავი ან გამკითხავი ამ ქვეყანაში ჯერჯერობით არ გამოჩენილა, განუკითხაობის პირობებში კი საქართველოს პროკურატურა სამწუხაროდ დღეს დანაღმულ კასრს ჰგავს, რომლის შესაძლო აფეთქებამ უმარტივესად შეიძლება წალეკოს არა მარტო პროკურატურა, შესაძლებელია თან წაიყოლოს დღევანდელი ხელისუფლება და მთავრობა, როგორც 2012 წელს ციხის აფეთქებამ დაასამარა წინა ხელისუფლება.
ყველა წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, პროკურატურის კისერზე უამრავი ცოდვა დევს, რაც მოქალაქეთა უფლებების ფეხქვეშ გათელვის, წამების, უკანონოდ დევნის, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის და ციხეებში მოქალაქეების უკანონოდ დამწყვდევების კუთხით გამოიხატება. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლება და მთავრობა კი შეიცვალა, მაგრამ თითქმის ყველა სფეროში კოჰაბიტირებული კადრები აგრძელებენ მუშაობას ძველი მეთოდებით, ეს უპირატესად ეხება პროკურატურას, სადაც ყვავის ნეპოტიზმი, საეჭვო გარიგებები, შერჩევითი სამართალი და ყველაფერი ის, რასაც კანონის ენაზე ხალხისა და სამართლის წამება ჰქვია.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით ნაცვლად სახელისუფლებლო და სერიოზული ცვლილებებისა, სახელმწიფო ინსტიტუტების ყოველმხრივ კანონიერ რელსებზე შეყენების მაგივრად კოჰაბიტაციის უგუნური პოლიტიკის გატარებით დაკნინებულ იქნა სახელმწიფო ინსტიტუციები, პროკურატურა ვერ გარდაიქმნა ჩვენ სახელმწიფოში სიმართლის გუშაგად და იქცა კორუფციული გარიგებების და შერჩევითი სამართლის კანტორად, რომელიც ლოდივით აწვება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და წელში გამართვის საშუალებას არ აძლევს პროკურორები, რომლებიც წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შექმნილი ხალხის წამების ლაბორატორიაში ხალისით ატარებდნენ ადამიანებზე არაადამიანული მოპყრობის ექსპერიმენტებს და არასოდეს ადამიანთა სიცოცხლე კაპიკად არ უღირდათ, რა თქმა უნდა ასეთი კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებით დაკომპლექტებული პროკურატურის ორგანოები ვერ დადგებიან სიმართლის სადარაჯოზე, ისინი იგივე დანაშაულებრივი ქმედებით განაგრძობენ ადამიანების წამებას და ტანჯვის გარემოში მომწყვდევას, მათი აზროვნება ოდნავაც არ შეცვლილა, მათი საგრძნობი ნაწილი ზნეობრივად დაცემულნი არიან და ტვინის დაჭაობებასთან ერთად წინა ხელისუფლების ბოროტი რეჟიმის ბოროტი გამოცდილება გააჩნიათ, მათი საქციელი დღეს საბოტაჟის ნიშნებსაც შეიცავს, რომელიც მიმართულია ხელისუფლების და მთავრობის წინააღმდეგ და წააგავს რეგვენთა ბუდეს.
მოგეხსენებათ, სადაც სირეგვენე ჭარბობს იქ ხალხი იტანჯება და იხოცება სამწუხაროდ ქვეყანაში შექმნილი ამ უმძიმესი ვითარების მიუხედავად „ძლიერნი ამა ქვეყნისა“ რატომღაც არ თუ ვერ გრძობენ და არ ამჩნევენ პატიოსან მოქალაქეთა მიერ მიწოდებულ რეალურ ინფორმაციებზე და უტყუარ ფაქტებზე და კანონის შესაბამისად არ რეაგირებენ, იფარგლებიან საკანცელარიო მთხვზელობით მიწერ – მოწერით და თავიდან მოშორების პოლიტიკით, პროკურატურაში განუკითხაობა და ქაოსი სუფევს, ხოლო ხელისუფლებისა და მთავრობის უმოქმედობით გათავხედებული პროკურორთა ჯგუფები, ქვეყნის მოსახლეობას სიცოცხლეს უმწარებენ და სამშობლოსაც აძულებენ, მოსახლეობაში თესენ უიმედობის შუღლის განცდას. ამის გამო სახელმწიფოში სამწუხაროდ ცალსახად არის ჩამოყალიბებული აზრი, რომ ქვეყანას პატრონი არ ყავს, რის გამოც სამშობლოსათვის თავდადებული და ნიჭიერი ადამიანები, უნიჭოთა და რეგვენთა ხელით იდევნებიან, რის გამოც იძულებულს ხდიან დატოვონ დედა-სამშობლო…
ეს არის სამწუხაროდ დღევანდელი ჩვენი რეალობა, რომლის გამოსწორებას დღესდღეობით პირი არ უჩანს… ველი რეაგირებას, გამოძახილს და არ გამიკვირდება ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე თავდახმის ობიექტიც გავხდე პატივისცემით ადვოკატი ვლადიმერ ტაბაღუა.“ – წერს ვლადიმერ ტაბაღუა.
