თბილისში ავტომობილის პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, შესაბამისი ცვლილება კანონში უკვე შევიდა. მისი თქმით, პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის მიზეზი სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება. ასევე შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესი.
როგორც კალაძემ განმარტა, აქამდე ფოსტით ეგზავნებოდა სამართალდარღვევის ოქმი ადრესატს, ახლა თუ ფოსტით ვერ მოხდება ოქმის მიწოდება და ჩაბარება, ის გამოქვეყნდება სპეციალურ ვებგვერდზე – Tb.ge.
“ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით იყენებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე, ის მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
“ვთხოვ დედაქალაქის მოსახლოებას და პირველ რიგში ავტომობილის მფლობელებს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო . მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებ-გვერდზე, რომლის შესახებაც რამდენჯერმე მივაწოდეთ ინფორმაცია. სხვა რაიონიდან ჩამოსული ადამიანებისთვის კი ავტომობილის გაჩერება 15 წუთით იქნება უფასო. 1 საათით ავტომობილის გაჩერების ღირებულება არის 1 ლარი”, – თქვა თბილისის მერმა.
