ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი წმინდა სინოდის ხვალინდელ სხდომას ვერ დაესწრება. ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა ფოთში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც იმართება საზეიმო ცერემონია, რომლის ფარგლებშიც პერგამონის მიტროპოლიტ იოანეს (ზიზიულასი) მიენიჭება საპატიო დოქტორის წოდება.
„სამწუხაროდ, ამ მოვლენის გამო, რასთან დაკავშირებითაც აქ იმართება ღონისძიება, უბრალოდ შეუძლებელი ხდება ჩემი დასწრება სინოდის სხდომაზე. რა თქმა უნდა, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. რომ შემძლებოდა, აუცილებლად დავესწრებოდი და დავაყენებდი საკითხებს. თუმცა, ეს საკითხები არის სინოდზე დასაყენებელი და არა – ასე საჯაროდ. ამის აუცილებლობა და საჭიროება რომ არსებობდეს, ალბათ ვიტყოდი, არ გავჩერდებოდი. თუმცა, ეს არის საკითხები, რომელიც იქ უნდა დავსვათ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მისივე თქმით, ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია და არსებული სირთულეები სავარაუდოდ, აქედან გამომდინარეობს.
„ზოგადად, ალბათ, თქვენ თვითონ ხედავთ და იცით, რომ ეს სირთულეები არსებობს და ალბათ, ეს სირთულეები გამომდინარეა არა წმინდა საეკლესიო პრობლემატიკიდან, არამედ იქიდან, რომ ეკლესია დღეს უფრო მეტი ავტორიტეტის მფლობელია, ვიდრე მხოლოდ რელიგიური ინსტიტუცია. თავისთავად ცხადია, მისი მოღვაწეობა, მისი შედეგები, მისი გავლენები უკვე აღიბეჭდება არა მარტო მისი მრევლის ცხოვრებაზე, არამედ ზოგადად, მოსახლეობაზე, მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა და ზოგადად, სახელმწიფოსა და მის პოლიტიკაზე“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
