პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ „ასეთი კრიზისი ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს არ ჰქონია სახელმწიფოს გადატრიალების შემდეგ, მას შემდეგ რაც გამსახურდია ძალადობრივი გზით დაამხეს“.
მისი თქმით, ასეთი კრიზისი, რომელიც დღეს უკვე ეკლესიის გარშემო შეიქმნა – არის სახელმწიფოებრივი კრიზისი.
ამის შესახებ ანდრიაძემ „კვირასთან“ საუბარში დღევანდელი წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.
გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ საჭიროა „შეიქმნას ერთობლივი კომისია ეკლესიას და სახელმწიფოსთან ერთად, რომ ნეგატიური შედეგები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ამას არ უნდა მიეცეს ცუდი განვითარება და საქართველოში არ მოხდეს საეკლესიო განხეთქილება. დღეს ამით არაფერი არ დამთავრებულა, პირიქით, ამით ყველაფერი დაიწყო“.
ანდრიაძე თვლის, რომ ეკლესიის განხეთქილება ანტიქართული და ანტიქრისტიანული ძალების ინტერესშია, რომლებსაც სურთ საქართველოში ორი ეკლესია შეიქმნას. ეს ფსევდო ლიბერალების ჯგუფის“.
რაც შეეხება სინოდის გადაწყვეტილებას მეუფე პეტრე ცაავას განყენებასთან დაკავშირებით, გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ პატრიარქი სამი წელიწადია ცდილობს პროცესები დიპლომატიური გზით მოეგვარებინა.
„მე პირადად ეს სტრატეგია სწორად არ მიმაჩნდა. ის ადრეც იყო განსაყენებელი, რადგან მისი კანონიკური დარღვევები იყო სახეზე. ასევე სახეზე იყო სხვა ეპისკოპოსის კანონიკური დარღვევები. მაგრამ ეს ჩემი განსასჯელი საკითხი არ არის. რაც ადრე მოიცილებს ეკლესია ანტიკანონიკური საქციელის მქონე ეპისკოპოსებს, მით უკეთესი იქნება. საჭიროა კომისიის შექმნა და პროცესების მართვა. ამ ხალხმა დიდი ხნის წინ დაარღვიეს კანონიკური ნორმები, სიმშვიდე ეკლესიაში, შეიყვანეს მრევლი საცდურში, დააბრკოლეს ძალიან ბევრი. განსაკუთრებით დააბრკოლეს ჩვენი მომავალი თაობა, რომელიც ეკლესიაში არ დადის და არც იხედება და მათ განიკითხავს“,-აცხადებს გიორგი ანდრიაძე.
ე.წ. ციანიდს საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისადმი მიმართვის საკითხს, გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ „ეკლესია იწყალებს აბსოლუტურად ყველას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულს იწყალებს. შეწყალება ტერმინი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გეუბნება “მაპატიე“ და შენც აპატიებ, თუ ადამიანი არ ამბობს „მაპატიე“ მასზე შეწყალება არ ვრცელდება. მაგალითად, პეტრე ცაავას რომ ეთქვა სინოდზე „მაპატიეთ“, ის ეპისკოპოსი დარჩებოდა. შესაბამისად, ალბათ გიორგი მამალაძემაც თქვა „მაპატიეთ“ და ეკლესიამ მხარი მის შეწყალებას დაუჭირა. ეკლესია ყველას იწყალებს და მომავლშიც შეიწყალებს. სხვა შემთხვევაში ჩემთვისაც გაუგებარია ეს ყველაფერი“,-აღნიშნა ანდრიაძემ.
