დღევანდელი სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან განკვეთეს. საინტერესოა, რა მოვლენები და განცხადებები უძღოდა წინ სინოდის ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ე.წ ციანიდის საქმის შემდეგ გახდა. მან მედიასთან არაერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა, მათ შორის პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზეც, რისთვისაც მას 2017 წელს სინოდის სხდომაზე აქტიურობის გამო გაფრთხილება მისცეს და საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების” დირექტორობიდან გათავისუფლდა.
2017 წლის სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილა თუ არა სინოდის სხდომამ მისი საკითხი, მეუფემ დაადასტურა, რომ განიხილა. თუმცა, როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, მას გაფრთხილება არ მიუღია.
2017 წელსვე სინოდის სხდომის განჩინებაში აღნიშნული იყო, რომ სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. “მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები.
“ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთის მომტანი როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის“, – ნათქვამია განჩინების ტექსტში.
განჩინების თანახმად, საპასუხო სიტყვა მიეცა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას. იგი შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების“ დირექტორის თანამდებობიდან.
მეუფე პეტრე ცაავამ “შაბათის კურიერისთვის” 2017 წლის თებერვალში მიცემულ ინტერვიუში მთავრობა ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა
“ამაში გამოჩნდა დიდი არაღვთისმოშიშება, არასიბრძნე, არაგონიერება, არაწინდახედულება, არაერთგულება მართლმადიდებელი ეკლესიის,”- აცხადებდა პეტრე ცაავა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეფასებებს “უპრინციპობას და ფარისევლობას” უწოდებდა.
ასევე, “შაბათის კურიერთან” ამჯერად 2018 წლის ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. მეუფე პეტრე ცაავას თქმით, პატრიარქობისთვის დიდი ბრძოლა არამხოლოდ ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთაც მიდის და ამ პროცესებში ის მხოლოდ ქართულ კვალს ვერ ხედავს.
“ეს არის ბრძოლა არამარტო ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთ, ასევე საერთაშორისო ძალების ჩართულობით და საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.
ასევე კარგად გვახსოვს მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები და დაპირისპირებს მეუფე იაკობთან, რომლის ბოლოდროინდელი სკანდალური განცხადებების გამოც სინოდის სხდომა დაჩქარებული წესით გაიმართა.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მეუფე იაკობს “საქართველოს ეკლესიის სირცხვილს“ უწოდებდა: “მეუფე იაკობის საქციელი 2013 წლის 17 მაისიდან დღემდე შეიძლება შეფასდეს როგორც საქართველოს ეკლესიის დიდი სირცხვილი და წმინდა სინოდის უხერხულობა.”
ეს განცხადება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში 2018 წლის სინოდის სხდომის შეფასებისას გააკეთა. მისი თქმით, 27 დეკემბერს სინოდის სხდომაზე, მაშინ როდესაც სურდა ესაუბრა ციანიდის საქმის გამო პატიმრობაში მყოფი დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე. ჯერ ამის უფლება არ მისცეს, იმის გამო, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი უნდა განხილულიყო, მისი დასრულების შემდეგ კი, როდესაც კვლავ ითხოვა მიკროფონი, მეუფე პეტრეს თქმით, პატრიარქი მიბრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ და სინოდის სხდომის დასასრულის ლოცვის აღვლენას ნიშნავდა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქის ამ ქცევით, მისთვის საბოლოოდ “დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ“
ასევე, ცნობილია მეუფე იაკობის განცხადება, როდესაც ის ამბობდა, რომ “მეუფე პეტრე და დეკანოზი მამალაძე ერთად იყვნენ ყველაფერში“, რაზეც საპასუხოდ მეუფე პეტრემ განაცხადა:
“ეჭვი მაქვს, რომ ის იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა ამას არანაირი გამართლება არ აქვს მით უმეტეს სასულიერო პირისთვის. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და სახე დღევანდელი სამარცხვინო ეკლესიისა, სამარცხვინო საპატრიარქოსი და სამარცხვინო მმართველობისა, საქართველოს საპატრიარქოში, რომელიც სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს“, – აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.
რაც შეეხება მეუფე იაკობის რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას, რომ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მის კაბინეტში პატრიარქის გადადგომის მიზნით, ე.წ. შეთქმულება ეწყობოდა, მეუფე პეტრე ცაავა “ბოდვას“ უწოდებს.
“მეუფის ბოდვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერ უარვყოფ და ვერც დავადასტურებ ამას. მან პასუხი უნდა აგოს ამ განცხადებაზე. ეკლესია ისეთ მდგომარეობაშია და ისეთ კრიზისში შევიდა პატრიარქის მმართველობის ბოლო წლებში, დიდი ეჭვი მაქვს, შეიძლება თვითონ პატრიარქი ხვდება – გადადგას ადეკვატური ნაბიჯი და ეს მავნებლები უშლიან ხელს, რომ ღვთისა და ერის წინაშე იყოს მართალი და ეკლესიას გაუხსნას გზა თავისუფლებისა და გაჯანსაღებისაკენ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
დღეს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეუფე პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან განკვეთოს, რასაც ასევე, მოჰყვა მეუფე პეტრეს განცხადებები. მან პატრიარქს “პიდარასტიის” და მამათმავლობის ცოდვით შეყრობილი უწოდა.
“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი – ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”, – განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა და პროტესტის ნიშნად სინოდის სხდომა დატოვა.
მეუფე პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძეს უდანაშაულოს უწოდებდა და მისი დაპატიმრების დღიდან ცდილობს, გიორგი მამალაძის შუამდგომლობის საკითხი დააყენოს პრეზიდენტთან. დღეს გამართულ სინოდის სხდომაზე გიორგი მამალაძის შუამდგომლობის საკითხს სინოდი დაეთანხმა.
“საუბედუროდ, საქართველოში გვყავს უდანაშაულო პატიმარი მღვდელი, აბსურდული, ცრუ ბრალდებით. პასუხისმგებლობას ვაკისრებ ხელისუფლების სამივე შტოს და ასევე, პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს-პატრიარქს მისი გარემოცვით,“ – განაცხადა მეუფე პეტრმე (ცაავა) “კურიერთან”.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება – ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.
2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.
