გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის ჩვენების პარალელურად მისი პრემიერის მოწინააღმდეგები დღეს თბილისში აქტივობებს გეგმავენ.
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.
მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს.
პრემიერის ჩაშლით იმუქრება ორგანიზაცია „ქართული მარშიც. ამ გაერთიანების ხელმძღვანელის, სანდრო ბრეგაძის თქმით, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროპაგანდისტული ფილმია და თითოეული ქართველის მოვალეობაა, რომ მისი ჩვენება არ დაუშვას.
„ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები კინოთეატრების ბლოკირებას“ „მშვიდობიანი ფორმით“ გეგმავენ.
თავის მხრივ, შსს აცხადებს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს და განმარტავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულებისა და სხვა ნიშნისა.
კინოთეატრები კი უსაფრთხოების საკითხზე შსს-სთან თანამშრომლობას გეგმავენ.
ფილმის ჩვენება მიუღებელია საქართველოს საპატრიარქოსთვის. მისი განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად შეურიგებელია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, რის გამოც მიუღებლად მიაჩნია ქართულ-შვედური ფილმის, ,,და ჩვენ ვიცეკვეთ”კინო-თეატრებში ჩვენება, თუმცა საპატრიარქო იქვე ხაზს უსვამს, რომ ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს.
პოზიცია დააფიქსირა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიას თქმით, „ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს რა ფილმს უყუროს და რა წაიკითხოს“.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ მას ექნება შესაძლებლობა, ამ ფილმს ნახავს. თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს მოუწყობს და საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე შეექმნება.
ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.
