„ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი, ეს დაიმახსოვრეთ“, შეურაცხყოფას, ცილისწამებას ნუ მიაყენებთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი“, – ამ სიტყვებით პატრიარქმა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებისას მიმართა.
ილია მეორემ ეს სიტყვები რამდენჯერმე გაიმეორა და თქვა, რომ „ჩვენ ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას“.
„ადამიანს უნდა გაუფრთხილდეთ. ღმერთი გვაძლევს სიმშვიდეს, სიკეთეს. ყოველი ადამიანი ერთი იბადება დედამიწაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი. ჩვენ უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებიც თავდადებულნი არიან სამშობლოსთვის. ჩვენ გვახასიათებს ერთი რამ-არ ვაფასებთ ადამიანს, არ გვესმის, როგორი დიდი საუნჯეა თოთოეული თქვენგანი. მინდა შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი ქმნის ისტორიას.
ილია ჭავჭავაძემ გამოთქვა შესანიშნავი სიტყვები-მამული ენა სარწმუნოება. მე ცოტა სხვანაირად ვამბობ-ღმერთი სამშობლო და ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ადამიანი ყველაზე დიდი სამოთხეა დედამიწაზე.
ქართველი ადამიანი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს. უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები მოგვცა ჩვენ ღმერთმა, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისთვის. გახსოვდეთ, რომ ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია.
დედამიწა მკვდარია ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, მშობლების პატივისცემა, ეს არის დიდი ნიჭი.
ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში უნდა ამოუდგეთ და თქვენც იქნებით გახარებული. არ არსებობს ადამიანი უნიჭო, მხოლოდ საჭიროა იმ ნიჭის მოძებნა, გამონახვა. შეიძლება, მეცნიერი იყო, შეიძლება ტექნიკაში სოფლის მეურნეობაში ნიჭიერი, მაგრამ უნიჭო ადამიანი არ არსებობს.
მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს მას წარმატებით. ოთხშაბათს არის დიდი დღესასწაული- ასიათასი მოწამის ხსენების დღეს-სადაც კი არის შესაძლებელი, ჩატარდეს დილით წირვა და 17:00 საათზე, ყოველ სოფელში, ქალაქში ჩატარდეს პარაკლისი. მეტეხის ხიდზე როგორც მუდამ არის, მე თვითონ ვეცდები 5 სთ-ზე ჩავატაროთ პარაკლისი“, – აღნიშნა ილია მეორემ.
