თუ პოლიტიკური დაძაბულობის ტემპერატურა შენარჩუნდება, სავარაუდოდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაცია დაგვჭირდება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბაშიძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ არის ჯიხვების დაჯახება ვიწრო ხიდზე. ცხადია, პოლიტიკური დაძაბულობა შეინიშნება. მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია. ორივე დაპირისპირებულ მხარეს აქვს სხვადასხვა ინტერპრეტაცია კონსტიტუციური ცვლილებებისა. ერთი ამბობს, რომ არ სჭრიდება კონსტიტუციური ცვლილება, მეორე ამბობს, რომ სჭრიდება. აქ გამოსავალი არის მარტივი: მხარეებმა უნდა მიმართონ რეკომენდაციისთვის ნეიტრალურ, საერთაშორისო სტრუქტურას, როგორიცაა მაგალითად ვენეციის კომისია, ან ეუთოს ოდირი. როცა სამწუხაროდ, პოლიტიკური დაძაბულობა გვეზრდება , უწინ ჩიხში შევდიოდით , ყოველთვის, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეხმარებოდნენ გამოსავლის ძიებაში .
თუ პოლიტიკური დაძაბულობის ტემპერატურა შენარჩუნდება , სავარაუდოდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაცია დაგვჭირდება“- განაცხადა აბაშიძემ.
ანალიტიკოსმა ქუჩის აქციების შესახებაც ისაუბრა.
„ქართული მედიის ნაწილს ახასიათებს ცრუ რეალობების შექმნის მცდელობა, თითქოს, რაღაცა კანონიერია და თითქოს, ხელისუფლება სრულიად უკნონოდ იქცევა. მინდა, ვკითხო იმ მედიას, იმ პოლიტიკოსებს და პოლიტიკანებს, გინახავთ სადმე მსგავსი პროტესტი პარიზში, ლონდონში ან ვაშინგტონში ? შეშა, ღუმელები , ქვაბები შუა ქუჩაში, ცენტრალურ გამზირებზე? თუ უნახავთ, გვაჩვენონ ფოტო და ვიდეოკადრები, ესაა ჩემი პასუხი.
ყველა წინაპირობაა იმისი, რომ ზუსტად იგივეს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, რასაც აკეთებდა 2003 წელს, ამის აქტიური მცდელობა აქვთ ჩვენ ვხედავთ მათ გავეშებულ პოლიტიკოსებს , არაადეკვატური ემოციებით რომ გამოხატავენ პროტესტს მიტინგებსა და ტელეეთერებში, ვხედავთ, როგორ ამუშავებული ჰყავთ მოკავშირე არასამთავრობოების ნაწილი, მედია. წევენ ტემპერატურას იმისათვის, რომ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრონ. მაგრამ, უყურეთ, დღეს „დოიჩე ველეს“ ჰქონდა გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ამბობს, რომ ათეულობით პროტესტის გამომხატველი ცდილობდა, პარლამენტის ბლოკირებას და ისინი დაშალეს. ეს არის „დოიჩე ველე“ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე ზოგიერთი არხი, რომელიც ამბობს, რომ აქცია დაარბიეს. იქ დარბევა არ იყო. იქ იყო უკანონო პროტესტის ალაგმვა“, – განაცხადა აბაშიძემ.