პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები მარიამ ჯაში, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე და კობა ნარჩემაშვილი ახალი ფრაქციის ქვეშ – “დამოუკიდებელი დეპუტატი” გაერთიანდნენ.
როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები აღნიშნავენ, ისინი ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, როგორც პოლიტიკოსები, ახალი ფრაქცია კი ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნება.
“ფრაქციის შექმნის მიზანია, რომ საპარლამენტო საქმიანობის დარჩენილ ვადაში მაქსიმალურად პოზიტიური დღის წესრიგით იმუშავოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ფრაქცია იქნება მაქსიმალურად დისტანცირებული დღეს არსებული პოლიტიკური ტალღებისა და გავლენებისაგან. ფრაქციის შექმნა გიორგი კვირიკაშვილის სახელს არანაირად არ უკავშირდება,”- განაცხადა ლევან კობერიძემ.
“სამწუხაროდ, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა, ორპოლუსიანობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია, ამიტომ შეიქმნა ახალი ფრაქცია, ახალი დღის წესრიგით, ახალი ხედვით და რეალურად შეთავაზებით მოქალაქეებისთვის. მომავალზე ორიენტირებული ფრაქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.