ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
მისი თქმით, ჰუმანური რეაგირების შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
“შეუძლებელია, მშობლები, ოჯახი, ძმა და მეგობრები ვანუგეშოთ რამე სიტყვებით, რადგან ეს არის ტრაგედია, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეეხო. ფრაქცია საგანგებოდ არ ერთვებოდა, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და დიდი იმედი მქონდა, რომ ტრაგიკულად არ დასრულდებოდა ლუკას სიცოცხლე.
ბევრი კითხვის ნიშანი გამოჩნდა პროცესში, რომელიც ამ საშინელ ტრაგედიას უძღოდა. სკოლის მხარეს მე დამაკლდა პირველ ეტაპზე მანდატურის მხრიდან რეაგირება, რაც უპირველესი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. არ ვიცი, რამდენად გამართლებული იყო პირდაპირ სამართალდამცველების ჩართვა. უნდა ვიცოდეთ უფრო მეტი ინფორმაცია, რეალურად რა მოხდა. რაც შეეხება დაკითხვასთან დაკავშირებულ კითხვებს, ერთადერთი, რაც შემიძლია, ლუკას ოჯახს შევპირდე ჩვენი ფრაქციის სახელით, ჩვენ კონტროლზე აგვყავს, ისევე როგორც მთელ საზოგადოებას, ლუკას ტრაგედია და არავის მივცემთ უფლებას, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა, რომელიც გამოიკვეთება. ეს არის ტრაგედია, რომელიც სამწუხაროდ, აფხიზლებს საზოგადოებას, ასევე შესაბამის უწყებებს, მას შემდეგ, რაც ხდება. თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, რომ მომხდარიყო შესაბამისი ჰუმანური რეაგირება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.