მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, მომხდარში ყველა დამნაშავეა.
“ყველა, ყველა დამნაშავეა. ერიც, ბერიც… მეც, შენც… ყველა… ყველა, ვისაც არ შეუძლია ადამიანს, მოზარდს, სულს გაუფრთხილდეს. დადექით და იკითხეთ მორალი. ღმერთს ყველა შევხვდებით!
P.S. ახლა წესსაც არ აუგებენ, თვითმკვლელიაო. სამაგიეროდ ის არაფერი, ვინც ეს ანგელოზი თვითმკვლელობამდე მიიყვანა!”, – წერს მამა პეტრე კოლხი.
ის ბავშვებსაც მიმართავს და წერს, რომ თავის მოკვლა არაფრის გამო არ ღირს.
“ბავშვებო, არავის, არაფრის გამო არ ღირს თავის მოკვლა. ეს არ არის გამოსავალი. გაუძელით… ყველა ზეწოლას, აგრესიას, ძალადობას გაუძელით და თავი დააღწიეთ… არ დამძიმდეთ, არ გახდეთ მსხვერპლი მედროვეების, პირმოთნეების, სულგაყიდულების, არაადამიანების… ღმერთს მიმართეთ, უფალს მიენდეთ, ილოცეთ, სხვა გამოსავალზე იფიქრეთ… მეტი წიგნი იკითხეთ… ანა ფრანკი მეტს უძლებდა, მეტი გადაიტანა… შეცდომა დაუშვით?! აღიარეთ და გამოასწორეთ… ვითომ საზოგადოების, ვითომ ადამიანების, სინამდვილეში არამკითხე ციციკორეების გამო სახურავიდან, ფანჯრიდან, ხიდიდან, საკუთარი თავიდან არ გადმოხტეთ… სიცოცხლეს უმადურად არ გადააბიჯოთ… გააპროტესტეთ, იხმაურეთ, ისაუბრეთ, ამხილეთ… მაგრამ თავი არ მოიკლათ… ბავშვებო, ყველაზე დიდო ადამიანებო!..“ – წერს მამა პეტრე კოლხი.