“მწვანე სკოლის” დირექტორი დღეს განათლების სამინისტროში დაიბარეს. ის განათლების მინისტრის მოადგილეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. დირექტორი ამბობს, რომ უწყებას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
სკოლის დირექტორის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, როგორ მოხდა პირის იდენტიფიცირება, რომელმაც სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის წარწერები გააკეთა.
“მიდის გამოძიება, რამდენადაც მე ვიცი, ახლაც არიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ჩვენი თანამშრომლები. მთელი სკოლა არის უმძიმეს მდგომარეობაში.
თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემს ადგილას თავი? ან ჩვენი მასწავლებლების, ან ბავშვების ადგილას თავი? ეს არის უმძიმესი რამ, უბრალოდ, რომელსაც სამწუხაროდ, ვერავინ ვერ გავთვლიდით წინასწარ.
ჩემი მოლოდინი იყო, რომ ეს იქნებოდა ალბათ რაღაცა საყვედური, თუ მით უმეტეს ეს არასრულწლოვანი იყო, ეს იქნებოდა რაღაცა გაფრთხილება მისთვის,” – აცხადებს “მწვანე სკოლის” დირექტორი კახა დავითური.
15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ ღამით გარდაიცვალა. არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა.