ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კორპუსების წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ექვს მისამართზე მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პროექტი ჭოპორტის ქუჩა N5-ში ხორციელდება, სადაც 8 ახალი საკომუნიკაციო ჭა დამონტაჟდა და 130 გრძივ მეტრზე წყალარინების მილები იცვლება.
სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნო.
„აღნიშნულ მისამართზე მოძველებული ქსელი სრულად ამორტიზებული იყო, რაც დისკომფორტს უქმნიდა მოსახლეობას. ამ პროექტის განხორციელებით, კორპუსში მცხოვრებ 60 ოჯახს ასეთი ტიპის პრობლემები აღარ ექნება. კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, მთლიან ეზოში ასფალტის საფარსაც დავაგებთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ჭოპორტის ქუჩა N5-ში წყალარინების ქსელის შეცვლისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 47 248 ლარი გამოყო.