პირველი პრეზიდენტის შვილი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა. ცოტნე გამსახურდია მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. ექიმების ინფორმაციით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია, თუმცა დაზიანებებიდან გამომდინარე მკურნალობა რთულია.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდია კლინიკაში ოთხი დღის წინ შეიყვანეს. მას ცივი იარაღით რვა ჭრილობა აქვს მიყენებული.
ექიმ ზურაბ გურულის განცხადებით, ამ ეტაპზე პაციენტის ტრანსპორტირების საჭიროება არ დგას.
“კლინიკური სიტუაციის მართვა, დღეს ამ კლინიკაში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ამიტომ ამ ეტაპზე არ ვთვლი, რომ ავადმყოფის ტრანსპორტირება საჭიროა. რამდენიმე დღეა აუცილებელი, რომ დინამიკაში დავაკვირდეთ კლინიკურ მდგომარეობას და სიტუაციას. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რადგან ახალგაზრდა, ჯანმრთელი ორგანიზმია და და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი დადებითად წარიმართება”, – განაცხადა ექიმმა.
ზურაბ გურულის თქმით, ახლა მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემაა და რამდენიმე დღეში უფრო დაწვრილებით იქნება შესაძლებელი კონკრეტული დასკვნების გაკეთება.
“ტრანსპორტირებას რაც შეეხება, თვლიდნენ, რომ საზღვარგარეთ უნდა გადაეყვანათ. ჩვენთვის ბატონი ცოტნე უაღრესად ძვირფასი ადამიანია და გვინდა, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთოთ, რომ მას ოპტიმალური პირობები შეექმნას გამოსაჯანმრთელებლად. მაგრამ ამჯერად ვთვლი, რომ საქართველოში, ამ კლინიკაში ყველაფერი მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მიმაჩნია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის უკეთესი იქნება, თუ შევინარჩუნებთ სტაბილურობას ამ კლინიკაში.
დინამიკაში გარკვეული დადებითი ცვლილებები არის, სხვა ჭრილობებთან მიმართებით, კერძოდ ფილტვის ჭრილობასთან დაკავშირებით, ზოგადი კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ის კლინიკური პარამეტრები, რომლის შენარჩუნებაც აუცილებელია, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური პირობები შეიქმნას ტვინის მდგომარეობის გამოსაჯანმრთელებლად, ეს პირობები შექმნილია და მართვა მიმდინარეობს კარგად”, – განაცხადა ექიმმა.