ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ინფორმაციით, უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში მთავრი როლი რამდენიმე სპორტსმენს მიუძღვის. გამზარდიას თქმით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც სწორედ ამ მოჭიდავეების დამსახურებაა.
“მოდით, დავასრულოთ პოლიტიკოსთა სპეკულაციები ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლების თემაზე. მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებმაც ის იხსნეს.
მისი განთავისუფლება ორი შესაძლებლობით – საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა-ჩართულობითა და სახალხო დიპლომატიით მოხერხდა. ამ საკითხში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს მოჭიდავეებს – გიორგი იანტბელიძეს და ძმებს გეგეშიძეებს. ასევე ერთ-ერთ საერთაშორისო დონის მოჭიდავეს, რომლის გვარს გარკვეული მიზანშეწონილობის გამო არ დავწერ. სწორედ ამ ადამიანებს უნდა ვუმადლოდეთ ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლებას, ასევე ამ თვენახევრის განმავლობაში საპყრობილეში ყოფნისას მისდამი ყურადღებას, დახმარებას და ა.შ.
რამდენადაც ვიცი, თავის დროზე, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც სწორედ ამ მოჭიდავეების დახმარებითა და წყალობით მოხერხდა.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, აქ ოპოზიცია საერთოდ არაფერ შუაშია, მხოლოდ ნომინალური დამსახურება აქვს ხელისუფლებას და ისიც ძირითადად ოჯახთან ყურადღების კუთხით, იგულისხმება ციხელაშვილის უწყება და მისი თანამშრომლები, შემიძლია დავასახელო ერთ-ერთი მათგანი, ზვიად ზვიადაძე.
რეალურ გმირებს, როგორც წესი, არ უყვართ თავიანთი ვინაობის გამხელა. ასევეა ჩვენი მოჭიდავეების შემთხვევაშიც. ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ადამიანების ვინაობა ყველამ უნდა ვიცოდეთ და ამ თემის სპეკულაციებით გაშარჟება უნდა დასრულდეს. ჩემს მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას უახლოეს დროში დაადასტურებს არაერთი ადამიანი”, – წერს გამზარდია.