მსახიობ ლაურა რეხვიაშვილს არაერთი კინო თუ თეატრალური როლი აქვს შესრულებული, თუმცა, ბაბულა, გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“, ქართველმა მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა და დაიმახსოვრა.
მსახიობმა, ცოტა ხნის წინ, ახალ როლზე დაიწყო მუშაობა. დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც ქართული თეატრალური ხელოვნებისთვის ძალიან რეპერტუარული პიესაა, მალე თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგმება და სპექტაკლში ლაურა რეხვიაშვილი მართას როლს აზერბაიჯანულ ენაზე ითამაშებს. მას პარტნიორობას გაუწევენ – ასლან მამედოვი, ლეილა კასუმოვა, თურგაი ველი-ზადე, ნამიკ მუსაევი და სხვა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მსახიობები.
სპექტაკლის რეჟისორია თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარლამ ნიკოლაძე. იგი 25 წელი თურქეთის რესპუბლიკაში მუშაობდა. ვარლამ ნიკოლაძეს თურქეთის დიდ ქალაქებში ბევრი სპექტაკლი აქვს დადგმული, მათ შორის ერთ-ერთი „დარისპანის გასაჭირია“. თბილისში დაბრუნების შემდეგ პიესა აზერბაიჯანულად ათარგმნინა და დაიწყო სპექტაკლზე მუშაობა.
კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კომედიამ „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც წარმატებით იდგმება ქართული თეატრების სცენებზე. მწერალმა გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილით ასახა უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება. ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი.
თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი ახალ სეზონს სექტემბერში სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ გახსნის, მაგრამ ავარიული შენობისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო, პრემიერას კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში ითამაშებენ და მაყურებელსაც იქ უმასპინძლებენ.
თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის რეპერტუარში ბევრი სპექტაკლია, თუმცა პირობების არ არსებობის გამო – განადგურებული ინფრასტრუქტურით, სცენისა და მაყურებელთა დარბაზის არარსებობით გამოწვეული პრობლემებით, დასს არ შეუძლია სპექტაკლების თამაში და მაყურებლის მიღება თეატრის ფაქტობრივ მისამართზე, რადგან არ გააჩნიათ გამართული, ტექნიკურად აღჭურვილი სცენა. სცენის დაქირავებისთვის კი ფულია საჭირო, რაც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ თეატრს, რომლის წლიური ბიუჯეტი თანამშრომელთა ხელფასებისთვის ძლივს ჰყოფნით, არ გააჩნია.
თბილისის აზერბაიჯანული თეატრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შესაძლებლობების ფარგლებში, თეატრს ერთჯერადად უფინანსებს სხვადასხვა პროექტს და მსახიობებს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში მონაწილეობისთვის გასამგზავრებელ თანხასაც აძლევს. ამ პროექტის მხარდამჭერიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა.