აფხაზმა აქტივისტებმა, რომლებიც 9 იანვარს სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი იარაღი მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„დაცვის სახელმწიფო სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ რამდენიმე ერთეული იარაღი მათ უკვე დაიბრუნეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დანარჩენი ნაწილის დაბრუნებაზე“, – განაცხადა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ.
მისივე თქმით, ადმინისტრაციის შენობის ძალის გამოყენებით გათავისუფლება დღეს არ იგეგმება, თუმცა მომავალში ეს არაა გამორიცხული.
„ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებასა და მოლაპარაკებების შედეგებზე, რომლებიც შესაძლოა ახლო მომავალში გაიმართოს“, – აღნიშნა კილბამ.
ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა. დე ფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. დეპუტატებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის. მოგვიანებით ე.წ. პარლამენტმა ხაჯიმბას ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდა, ხაჯიმბამ კი ოპოზიციას ყველა საკითხის განხილვა მოლაპარაკებათა მაგიდასთან შესთავაზა.
მანამდე რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.