მსახიობი ნატუკა გულისაშვილი არასოდეს ჩერდება, ახალ-ახალ საქმეებს ეძებს, პოულობს და სწავლობს. ერთი პერიოდი კულინარიით სერიოზულად იყო გატაცებული და ტელეეკრანზე კერძებს პირდაპირ ეთერში ამზადებდა. რამდენიმე ხნის წინ კი კინოლოგიით დაინტერესდა და საფუძვლიანად შეისწავლა. ახლა უკვე შეუძლია, თავის ოთხფეხა მეგობრებს ყველანაირი დახმარება გაუწიოს და მეგობრებიც რჩევებით მოამარაგოს.
ნატუკას ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა – ძალიან მალე ეკრანზე გამოჩნდება და მაყურებლებს თავის საყვარელ არსებებზე ბევრ საინტერესო ამბავს მოუყვება.
– ნატუკა, როგორც გავიგეთ, კინოლოგიამ გაგიტაცათ. მსახიობისთვის ეს სფერო რატომ გახდა საინტერესო?
– ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ მიყვარს ყველაფერი სულიერი, რაც ჩვენ გარშემოა – ძაღლებით და კატებით დაწყებული, ზღვის გოჭით, ზღარბებითა და ქინქლებით დამთავრებული. შეიძლება ითქვას, ფანატიკურად ვარ მათზე შეყვარებული. ალბათ ამან მიმიყვანა კინოლოგიამდეც.
ტელეკომპანია “იბერია” როცა დაიხურა, 7 თვის განმავლობაში უმუშევარი ვიყავი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ასეთ სიტუაციაში ნერვიულობით ითრგუნებიან. ყოველთვის ვფიქრობ, რომ ერთის დასასრული უკეთესის დასაწყისია.
სწორედ ამ პერიოდში ინტერნეტის დახმარებით ცხოველების ფსიქოლოგიაზე ამერიკელი კინოლოგ-ფსიქოლოგების მასალებს გავეცანი. პარალელურად მასტერკლასებს ჩემი ძაღლის ექიმთანაც გავდიოდი. ბევრი რამ შევისწავლე და ცხოველთა სამყაროში უკეთესად გავერკვიე.
– მაინცდამაინც ძაღლები რატომ და არა სხვა ცხოველები? გამორჩეულად გიყვართ და იმიტომ?
– ძაღლებს საოცარი ბუნება აქვთ. ადამიანებს არ შეუძლიათ ისეთი სიყვარული და ერთგულება, როგორიც ამ არსებებს. ხანდახან ადამიანები უფრო მტაცებლები და დაუნდობლები ვართ, ვიდრე ცხოველები. ცხოველი თუ დაპურებულია, არაფერს დაგიშავებს, რასაც ადამიანებზე ვერ ვიტყვი.
– რამდენად შორს წავიდა თქვენი ახალი გატაცება, სერტიფიცირებული კინოლოგი ხართ და ანაზღაურებას იღებთ ამ მომსახურებაში?
– არა. ასე ვთქვათ, ეს ჩემი ჰობია. საკუთარ თავს ვერასოდეს მივცემ უფლებას, ოფისი გავხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიკავშირდება და რჩევებს მთხოვენ. მეც ვეხმარები, ვეუბნები, რომელ ცხოველს როგორი მოვლა სჭირდება.
საქართველოში მოდას აყოლილი ხალხი ვცხოვრობთ. პოპულარული გახდება ხოლმე რომელიმე ჯიშის ძაღლი და ყველა ცდილობს, ის შეიძინოს, რაც არ შეიძლება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პირობებში ცხოვრობს ადამიანი და იმ გარემოს რა ჯიშის ცხოველი შეეგუება.
მეგობრები ხშირად მიკავშირდებიან, როცა ცხოველი ავად ჰყავთ. მსუბუქი დაავადებების დროს ვაძლევ რჩევებს, რა მედიკამენტებით უნდა უმკურნალონ, მაგრამ მაინც ყველას ვთხოვ, სპეციალისტს მიაკითხონ.
– თქვენს ოჯახში არიან ძაღლები და ფაუნის სხვა წარმომადგენლები?
– გვყავს ძაღლი, თუთიყუში და თევზი. ძაღლზე არაფერს ვიტყვი, მას ალბათ ბევრ ადამიანზე უკეთესად ესმის ოჯახის წევრების. თუთიყუშს ლაპარაკი ვასწავლე და ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ბინადარია. რაც შეეხება თევზს, ლაპარაკი არ იცის, მაგრამ ზუსტად ხვდება, როდის უნდა ვაჭამო და როდის – წყალი გამოვუცვალო. წყლის გამოცვლის დროს ჩემს ხელისგულზე გადმოხტება ხოლმე და მშვიდად ელოდება, პროცედურას როდის დავამთავრებ. ვგრძნობ, როდის რა სტკივათ, რა უხარიათ.
– ალბათ ძალიან მტკივნეულად განიცდით, როცა იგებთ, რომ ცხოველებს ცუდად ეპყრობიან.
– ჩემთვის ცხოველისა და ადამიანის წამება ერთი და იგივეა. არ მესმის, როგორ უნდა მიაყენო ტკივილი ამ დაუცველ არსებებს. ალბათ მათი სიყვარული ბავშვობიდან უნდა ისწავლო. ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამაჩემს საჩუქრად შვლის ორი ნუკრი მოუყვანეს. ისეთი უსუსურები იყვნენ, საწოვარათი გავზარდე. ჯერი და მარდი დავარქვი. ახლა რომ ვფიქრობ, მათზე ზრუნვითა და მოვლით ვისწავლე ცხოველების სიყვარული.
მანქანით სულ დამაქვს ძაღლის საკვები. სადაც უპატრონო ცხოველს ვნახავ, ვაპურებ. რამდენჯერმე ისეთ ადგილზე მომიწია გაჩერება, სადაც დგომა აკრძალული იყო და პატრულიც წამომეწია, მაგრამ, როცა დაინახეს, რასაც ვაკეთებდი, გამიღიმეს და ჯარიმის გარეშე გამომიშვეს.
– ცხოველების მოყვარულ ადამიანებს ოთხფეხა მეგობრების დასაცავად ხშირად ხელჩართულ ბრძოლაშიც უწევთ ჩაბმა. თქვენ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
– ძალიან ბევრჯერ. ერთხელ მე და ჩემი ქალიშვილი თბილისში, ბელინსკის ქუჩაზე მივდიოდით. ჩემი კლასელი და მეგობარი შემხვდა. გავჩერდით, ვსაუბრობდით. იქვე სურსათის მაღაზია იყო. კართან ახლოს კი უპატრონო ძაღლი იწვა.
მაღაზიიდან ვითომ თავმომწონე, ბრგე მამაკაცი გამოვიდა და ძაღლს მთელი ძალით წიხლი ამოარტყა. საბრალო ცხოველი წკმუტუნით გაიქცა. სანამ სიტყვის თქმა მოვასწარი, ჩემი ქალიშვილი უკან გაჰყვა და მამაკაცს უსაყვედურა, ასე რატომ მოიქეციო. შენ ვინ გეკითხებაო, უყვირა “თავმომწონე” კაცმა. მდგომარეობა ისე დაიძაბა, ჩემი მეგობარი ჩადგა შუაში. ხალხიც შეგროვდა და სიტუაცია განიმუხტა.
ასეთ ადამიანებს ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ. ისინი არამხოლოდ ცხოველებისთვის, საზოგადოებისთვისაც საშიშები არიან. უამრავი ადამიანი შემხვედრია, რომლებიც მანქანით ძაღლს დაარტყამენ და გზას ისე აგრძელებენ, ვითომც არაფერი. რამდენჯერ მინახავს, რესტორნებთან ჩამოუსვამთ ძაღლები და უპატრონოდ დაუგდიათ. ამ დროს ძაღლი რამდენიმე კილომეტრი მისდევს პატრონის მანქანას, ვერ ხვდება, რატომ მიატოვა.
ჩემი ოცნებაა, მქონდეს სახლი დიდი ეზოთი, სადაც უპატრონო ძაღლებს მივიყვან და ყველას თუ ვერ დავიტოვებ, ვუმკურნალებ მაინც. მეგობრები მეხუმრებიან, პირადში არაფერი გაქვს აწყობილი და ამ ძაღლების ამარა დარჩიო.
– ანუ პირადში ახალი არაფერია?
– ვერ აღმოვაჩინე ისეთი ერთგული და ვაჟკაცური ადამიანი, რომელიც ნატუკას ისეთს მიიღებს, როგორიც არის. მამაკაცებს განათხოვარი ქალის სახელი აშინებთ. წარმატებული ქალის გვერდით ყოფნაც თრგუნავთ. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი ადამიანი მჭირდება, რომელსაც შევძლებ და ვაჩუქებ ისეთ სიყვარულს მაინც, როგორსაც ცხოველებს ვჩუქნი. ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეიძლება ისეთი ვგონივარ, როგორი როლებიც მაქვს, არადა ჩემს პერსონაჟებს საერთოდ არ ვგავარ.
– ამის პრობლემა ხშირად აქვთ მსახიობებს, პერსონაჟებთან აიგივებენ ხოლმე.
– იყო პერიოდი, როცა გადაცემებში მონაწილეობასა და ინტერვიუებზე უარს ვამბობდი, რადგან დავიღალე ჩემს სიშიშვლეზე საუბრით. ამის გამო ჟურნალისტებთან ურთიერთობა აღარ მინდოდა. ადამიანს მის მიერ განსახიერებული როლების მიხედვით არ უნდა აღიქვამდნენ.
როცა სერიალ “ტიფლისში” მეძავთა დაწესებულების მფლობელის როლი ვითამაშე, ამ პერსონაჟის მიმართ ყველა უარყოფითად განეწყო. მერე, როცა მისი განვლილი ცხოვრების შესახებ გაიგო მაყურებელმა, მირეკავდნენ და “ფეისბუქშიც” მწერდნენ, რა ტრაგიკული ბედი “გქონიაო”.
მაინც ბედნიერი ვარ, თუნდაც იმის გამო, რომ თავის დროზე რამაზ ჩხიკვაძესა და კახი კავსაძესთან ერთად ვითამაშე. მადლობელი ვარ იმ რეჟისორების, რომლებიც როლებზე მეპატიჟებიან. თავადაც რისკავენ იმით, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალის როლის შესრულებას ერთსა და იმავე მსახიობს ამდენჯერ ანდობენ. ახალ ფილმში აუცილებლად ახალი სახე უნდა შექმნა და არის იმის საშიშროება, რომ ძველ პერსონაჟს დაემგვანო. როგორც ჩანს, ჩემთან ეს პრობლემა არ აქვთ.
სხვათა შორის, ბოლო პერიოდშიც მომიწია ლონდონიდან ჩამოსული რეჟისორის ფილმში მონაწილეობა. მან სოფლელი ლამაზმანის როლისთვის ამირჩია. იქაც ვთამაშობ ქალს, რომელიც ყველას უნდა და ყველას უყვარს. გადაღებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიმდინარეობდა. ფილმის დახურული ჩვენება მალე გაიმართება თბილისში.
– რომელია თქვენი საოცნებო როლი?
– უამრავი როლია, რომლებსაც სიამოვნებით ვითამაშებდი. გაგიკვირდებათ და, მათ შორის არის ბაბა იაგას როლი. რა თქმა უნდა, ეს იქნება საბავშვო ფილმი და იქ მაქსიმალურად გულწრფელი თუ არ იქნები, პატარები არ მიგიღებენ, მათ ვერ მოატყუებ. ერთი შეხედვით, ბაბა იაგა გრძელცხვირა, მახინჯი, ცოცხზე გადამჯდარი მოხუცი ქალია, მაგრამ ვინ იცის, რა ცხოვრება გაიარა, რატომ გაურბის ყველა. იქნებ ვინმეს უიმედო სიყვარულის გამო თავად აირჩია მარტოობა… საინტერესოა ჩემთვის.
– სანამ რომელიმე რეჟისორი ამ საკითხზე დაფიქრდება, თქვენ ტელეწამყვანად ბრუნდებით ერთ–ერთ არხზე. რის შესახებ იქნება თქვენი ახალი საავტორო გადაცემა?
– ეს არის სრულიად განსხვავებული პროექტი, რომლის მსგავსი ქართულ ტელესივრცეში არ არსებობს. ორ მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიასთან მაქვს მოლაპარაკებები და, სავარაუდოდ, თებერვალში გადაცემის ანონსი უკვე გავა.
– რა შინაარსის და ფორმატის იქნება გადაცემა?
– ნაწილობრივ ჩემს ახალ “პროფესიასთან” იქნება კავშირში. კულინარიას დროებით გვერდს ავუვლი და ადამიანებისა და მათი ოთხფეხა მეგობრების შესახებ ვისაუბრებთ. ეს იქნება შემეცნებითი გადაცემა დარგის სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების მონაწილეობით, სადაც უამრავ საინტერესო ისტორიას მოვისმენთ. ვფიქრობ, ეს გადაცემა პოპულარული გახდება.
ამ ეტაპზე ადამიანებისა და მათი ოთხფეხა მეგობრების ურთიერთობას მივხედავ, შემდეგ ალბათ თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინციც გამოჩნდება. მჯერა ამის.
– კულინარია ახსენეთ. ერთ დროს ამ საქმით ძალიან იყავით გატაცებული და დილის გადაცემაში რუბრიკაც გქონდათ. მსახიობი, კინოლოგი, კულინარი – რომელი საქმის კეთებაა უფრო სასიამოვნო თქვენთვის?
– პროფესიით მსახიობი ვარ, კონსერვატორიაც მაქვს დამთავრებული. რაც შეეხება კულინარიას, შევძელი, მაყურებლისთვის რაღაც საინტერესო შემეთავაზებინა. ვფიქრობ, ყველა პროფესია ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. როცა როლს თამაშობ, მთელი გული უნდა ჩადო მასში, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს, არ უნდა გადაამლაშო. ასევეა კერძის მომზადების დროსაც და ცხოველებთან ურთიერთობაშიც. ამ არსებებთანაც ზომიერება უნდა დაიცვა. ისინიც გრძნობენ შენს განწყობას, გულწრფელობას, სიყვარულს. და აქვე ვიტყვი, რომ ისე არავინ გიფასებს გაწეულ შრომას, როგორც შენი ოთხფეხა მეგობარი.