როცა ელჩად წოდებული ბატონი ჰერჩინსკი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, ეს ერთი კონკრეტული ე.წ. დიპლომატის განცხადებად არ უნდა წარმოვიდგინოთ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმ ევრობიუროკრატიის გამოძახილია, რომელიც ახლა არარჩეულია და ამ პოზიციებს იკავებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი განსაკუთრებით თავს ქართულ საზოგადოებას ესხმიან.
„იმ საზოგადოებას, რომელიც არ ექვემდებარება გარედან მითითებებს, შანტაჟს, სხვადასხვა მავნებლობის დაბრალებას და იმ გადაწყვეტილებას იღებენ, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტიდან გამომდინარეობს. სწორედ ამ ბრალდებების, შანტაჟების და თავდასხმების გაგრძელებაა ჰერჩინსკის განცხადებაც, რომელთა დაკავშირებითაც, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერებიც, ხშირად გვსაყვედურობენ ხოლმე, თუ რატომ არ ვიყენებთ მაგალითად, ვენის კონვენციით გათვალისწინებულ სხვადასხვა უფლებამოსილებას. პასუხი მარტივია – ჰერჩინსკისნაირი პირები შეიძლება, წავიდნენ-მოვიდნენ, მაგრამ ის დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ, მთლიანად დემოკრატიის საფუძვლებს გადახაზავს და გადახაზული არის ქვეყნებს შორის თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება, არ შეიცვლება. მთავარია, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმ ეროვნული ძალების გამოღვიძებას მთელი ევროპის მასშტაბით, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ქვეყნებს შორის ურთიერთობა, სუვერენიტეტი და არა გარკვეული ძალების ინტერესების გატარება“, – განაცხადა გორდულაძემ.
