გთავაზობთ ეპიზოდს ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიას ექსკლუზიური ინტერვიუდან. მასალის სრულად წაკითხვას შეძლებთ “კვირის პალიტრის” 27 აპრილის ნომერში.
– მეუღლის და მამის სტატუსმა რა შეცვალა ხვიჩას ცხოვრებაში?
– ახლა გაცილებით მეტი მოტივაცია და პასუხისმგებლობა აქვს. მომქანცველი ვარჯიშისა თუ მატჩის შემდეგ შინ დაბრუნებულს, სახლში დიდი სიყვარული ხვდება! როცა დაოჯახდნენ, ხვიჩა და ნიცა ასაკით პატარები იყვნენ, მაგრამ დღემდე ავსებენ ერთმანეთს, მათი სიყვარული პირველ შვილთან ერთად გრძელდება და მინდა ორივეს დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ დამიანე მაჩუქეს! ჩვენმა უფროსმა შვილმა – ნიკამ რამდენიმე წლის წინ გვაგრძნობინა პირველი შვილიშვილის დაბადებით გამოწვეული უდიდესი სიხარული, ახლა, სესილის დამიანეც დაემატა და… როცა ცაცია ფეხი პირველად დაარტყა ბურთს, სიცილით ვთქვი – ახლა უკვე მშვიდად ვარ, კვარაცხელიების საფეხბურთო დინასტიას საიმედო გამგრძელებელი ჰყავს-მეთქი! დამიანე კვარაცხელია აუცილებლად ითამაშებს ფეხბურთს და გახდება მეოთხე თაობის ფეხბურთელი ჩვენს ოჯახში – მამაჩემიც ფეხბურთელი იყო, მეც, ახლა ჩემი შვილები და… ცოტა ხანში – შვილიშვილიც!
მოუთმენლად ველი იმ დროს, როცა დამიანეს წავიყვან ვარჯიშზე… წლინახევრის ბავშვს ასე ძალიან უყვარდეს ფეხბურთი, პირველად ვხედავ… პსჟ-ს თამაშის დროს ტელევიზორს არ სცილდება, კლუბის ყველა ფეხბურთელს ცნობს და მათ გვარებს სხაპასხუპით ჩამოთვლის ხოლმე. ბაბუასავით ცაციაა და მარცხენა ფეხს ისე იქნევს, აუცილებლად თავდამსხმელი იქნება! ხვიჩა მეუბნება – შენ რომ გაზარდე, მე დამიანეს იმაზე მაგარ ფეხბურთელად გავზრდიო და… ვნახოთ!
– მთელი საქართველო თანახმა ვართ: ხვიჩას ჯერ თორნიკე კვარაცხელიამ აჯობოს, რამდენიმე წელიწადში კი – დამიანემაც!
– საქართველოს ეროვნული ჰიმნის დროს ბევრჯერ მიფიქრია, რამხელა სიამაყე და სიხარული იქნება, ნაკრებში მოხვედრის პატივი თორნიკემაც რომ დაიმსახუროს და ძმებმა ერთდროულად ითამაშონ-მეთქი?! სამი ძმა არველაძის მამა – იუსტინე (კიჭა) არველაძე უბედნიერესი კაცია – ეროვნულ ნაკრებში მისმა სამივე ვაჟმა ითამაშა და სულ მიკვირს – როცა ეროვნული ჰიმნის დროს ნაკრების მაისურში გამოწყობილ ვაჟებს უყურებდა, ბატონი იუსტინეს გულმა როგორ გაუძლო ამხელა სიხარულს.
– როცა კვარამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა, კინაღამ მე გადავხტი მოედანზე და წარმომიდგენია, ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია გექნებოდათ!
– გულზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ, გადამეტებული ემოცია, ნერვიულობა “აკრძალული” მაქვს და რაც უნდა მოხდეს, ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო. როცა ხვიჩამ “ინტერს” გაუტანა, ჩვენი ოჯახის ყველა წევრი წამოხტა, სიხარულისგან ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ… მე კი ისე მშვიდად ვიჯექი, პსჟ-ს ფეხბურთელების ოჯახის წევრები გაოგნებული მიყურებდნენ – შვილის გოლი არ გაგიხარდაო?! წინასწარ ვიცოდი, რომ გაიტანდა-მეთქი! არადა, იმ წუთს ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვიყავი – ჩემი შვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა…
ფაქტია – გერმანიის სტადიონები იღბლიანია ქართველი ფეხბურთელებისთვის. ევროპის ჩემპიონატის დღეებმა, ქართველებს საოცარი ემოცია, ერთიანობის განცდა გვაჩუქა. არამხოლოდ სპორტში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვჭირდება ასეთი ერთიანობა და ჩვენი მომრევი არავინ იქნება!
– პსჟ-ს პრეზიდენტმაც თქვა, რომ ხვიჩა ხელშეუხებელი ფეხბურთელია და არ იყიდება, მაგრამ… ბოლო დროს, მაინც ხშირად იწერება ინგლისური კლუბების ინტერესზე. გვარწმუნებენ, რომ განსაკუთრებით აქტიურობს ლონდონის “არსენალი”, “კვარაცხელიას მხარე” კი მზადაა, შეთავაზება განიხილოსო… ვერ ვხედავ თუნდაც ერთ მიზეზს, რატომ უნდა დატოვოს “კვარამ” პარიზული კლუბი. რას ფიქრობენ ამ საკითხზე ხვიჩა და მისი აგენტი მამუკა ჯუღელი.
– მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე ოჯახმა ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.
ამ ეტაპზე, ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.
ხვიჩა თამაშობს ძალიან ძლიერ და წარმატებულ კლუბში, სადაც უყვართ, ენდობიან, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია კლუბში, რომელიც ჩემპიონთა თასის ამჟამინდელი მფლობელი და მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალისტია – რატომ უნდა ფიქრობდეს სხვაგან წასვლაზე?! თუ პარიზულ კლუბს აღარ ექნება თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, წასვლაზე ჩვენც დავფიქრდებით, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს თემა არც კი განიხილება. იმის მიუხედავად, რომ ფრანგულ კლუბში საფრანგეთის ნაკრების წამყვან ფეხბურთელებთან უწევს კონკურენცია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ხვიჩა ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობაც ხაზგასმით ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდისთვის ფასდაუდებელი მოთამაშეა. დიახ, ხშირად იწერება “არსენალისა” თუ სხვა ინგლისური კლუბების ინტერესზე, მაგრამ ჩემი შვილი ასეთ ცნობებს ყურადღებას არ აქცევს. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის გამორჩეული ფეხბურთელია, აფასებენ, უყვართ, თამაშობს და კლუბის შეცვლაზე რატომ უნდა იფიქროს?! ხვიჩა ფიქრობს მხოლოდ გუნდის ინტერესებზე და იმაზე, როგორ დაეხმაროს კლუბს, როგორ ასახელოს თავისი სამშობლო…
