“ჩვენს ოპონენტებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და ქვეყანა სკანდალში გაეხვეს“, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში.
„ამ შემთხვევაში, ეს ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან არის. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და საქართველო სკანდალში გაეხვეს. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან და ისინი ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს არ გამოეპარებოდათ. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. ჩვენს ოპონენტებს ამჯერადაც იმედი უნდა გავუცრუოთ – საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში, თუმცა ეს მათი სურვილია“, – განაცხადა სესიაშვილმა.