ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშფოთებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია საგარეო მხარდაჭერასაც ეძებს.
„აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშფოთებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მობილიზებასაც ცდილობს, თუმცა ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა, კიდევ ერთი წარუმატებლობისთვისაა განწირული. ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში პირდაპირ ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოსთხოვა. სამწუხაროდ, ამგვარი დამოკიდებულება შეურაცხყოფს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომლითაც ქართული საზოგადოება დასავლური ინტეგრაციის მიმართ გამოირჩევა. რადიკალური ოპოზიციის მუდმივი მცდელობა პოლიტპატიმრებად წარმოაჩინონ სააკაშვილი, მერაბიშივილი, ადეიშვილი, რურუა, ახალაია, ოქრუაშვილი, უგულავა და სხვები სრულიად მიუღებელია ჩვენი საზოგადოების, რომელიც კარგადაა გათვითცნობიერებული ამ ადამიანების კრიმინალურ წარსულსა და აწმყოში“,-განაცხადა თალაკვაძემ.