მონაცემებს თუ შევხედავთ, პიკის პერიოდში ვართ და კვირაზე მეტია, გვაქვს ერთნიშნა მატება. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადავლახეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ამ ეტაპზე საქართველოში 638 შემთხვევაა დადასტურებული, 317 უკვე გამოჯანმრთელდა. დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 311 პაციენტი მკურნალობს. სამივე ახალი პაციენტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან, ისინი მანამდე საკარანტინო სივრცეებში იმყოფებოდნენ. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე მკურნალობს 41 პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავდა და შეიძლება ითქვას, რომ მასთან მდგომარეობა, მეორე დღეა სტაბილურდება და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. 3 პაციენტია პნევმონიით, მათ შორის ორი არის ახალი. ჯერჯერობით მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. მონაცემებს თუ შევხედავთ, პიკის პერიოდში ვართ და კვირაზე მეტია, გვაქვს ერთნიშნა მატება. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ითქვას, რომ პიკი გადავლახეთ. მართალია, შეზღუდვები ნელ-ნელა შემსუბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების იმ წესის შენარჩუნება, რომელმაც ასეთი კარგი შედეგი მოგვიტანა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
